საშემოდგომო სუფრა და ტრადიციები
შემოდგომა კულინარიულად გამორჩეული სეზონია, რაც ყველაზე კარგად ქართულ სუფრაზე იგრძნობა. ყურძენი, ბროწეული, გოგრა, თხილისა და ჩირის ნუგბარი საშემოდგომო მენიუს მრავალფეროვანს ხდის. სეზონური პროდუქტების სიუხვე ნაცნობი კერძების მომზადებისა და ახალი რეცეპტების გამოცდის საშუალებას იძლევა. თუმცა შემოდგომის ხიბლი მხოლოდ კერძებში არ არის. ის იმ პატარა ტრადიციებშიც ჩანს, რომლებიც ქართულ ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა.
როგორია ქართული საშემოდგომო სუფრა?
შემოდგომას განსაკუთრებულ ხიბლს რთველი სძენს. ყურძნის მოსავლის აღებასთან ერთად, ქართულ სუფრაზე ჩნდება ახალი ჩურჩხელა, თათარა და სხვა სეზონური ნუგბარი.
ჩურჩხელა და ბადაგი
ქართული საშემოდგომო სუფრა ჩურჩხლისა და ბადაგის გარეშე წარმოუდგენელია. ტრადიციული კახური ჩურჩხელა უნდა იყოს ნიგვზით სავსე, ზომიერად რბილი, კარგად გამჯდარი ყურძნის გემოთი. ჩურჩხელის სახლში მომზადება ბევრ ოჯახში შემოდგომის საყვარელი ტრადიციაა. თუ მის გაკეთებას თავადაც გადაწყვეტთ, “ჩემი მარაგის” ასორტიმენტში ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტს, თხილეულს, მარტივად შეარჩევთ.
თანამედროვე ქართულ სუფრაზე ხშირად შეგხვდებათ ჩურჩხელის ახალი ვარიაციები, მათ შორის თხილით, ნიგვზით, ნუშითა და ფისტით გაკეთებული ჩურჩხელა.
ყურძნის ბადაგი ჩურჩხელისა და თათარის მომზადებისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამ ნუგბარს დამახასიათებელ გემოსა და სიტკბოს სძენს. ტრადიციული გემოების მოყვარულებს „ჩემი მარაგის“ ონლაინ მაღაზიაში ბადაგიოც დახვდებათ: ბადაგითა და თხილეულით შექმნილი ნუგბარი.
სეზონური ხილი
შემოდგომის სუფრას სეზონური ხილი ალამაზებს. ყურძენი, ვაშლი, მსხალი და ბროწეული შეგიძლიათ ერთ დიდ ლანგარზე დააწყოთ ან პატარა ჯამებით სუფრის სხვადასხვა ადგილას გადაანაწილოთ.
ხილს კარგად უხდება თხილეული და ჩირეულიც. ნიგოზი, თხილი, ქიშმიში, ჩირეული ლეღვით, ქლიავითა და გარგარით სუფრას გემოებითა და ფერებით ამდიდრებს. მათი ასორტი შეგიძლიათ ცალკე ხილის ან ყველის დაფას დაუმატოთ.
კიდევ რომელი კერძები ხვდება ქართულ საშემოდგომო სუფრაზე?
ქართული სამზარეულო მრავალფეროვანი კერძებით გამოირჩევა, ამიტომ საშემოდგომო მენიუ შესაძლებელია ყველა ოჯახში განსხვავებული იყოს: ზოგ სუფრაზე ხორციანი კერძები ჭარბობდეს, ზოგზე კი – ბოსტნეული, ლობიო და ნიგვზიანი სალათები.
თუმცა არის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც შემოდგომის მენიუში განსაკუთრებული ადგილი უკავია – ეს არის გოგრა. ის შეგიძლიათ გამოაცხოთ ღუმელში, მიირთვათ ცალკე ან ხორცის გარნირად გამოიყენოთ. სურვილისამებრ დაუმატეთ ნიორი და მწვანილი, ტკბილი ვარიანტისთვის კი – დარიჩინი და ცოტა თაფლი.
საშემოდგომო სუფრაზე ხშირად ხვდება ასევე:
- ლობიო მჭადითა და მწნილით
- ფხალის ასორტი (ისპანახის, ჭარხლის და კომბოსტოს ფხალი)
- სოკო კეცზე
- ხაჭაპური
- ნიგვზიანი სალათები
- ვაშლისა და კომშის ღვეზელი
ამ კერძებს ქართული ღვინო აერთიანებს, რომელიც საშემოდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია და მას გემოსა და განწყობას მატებს.
რთველის პერიოდი მეგობრებისა და ოჯახური შეკრებების ადგილი ხდება ხოლმე, ყურძნის კრეფის შემდეგ ახლობლები ხშირად საერთო სუფრასთან იკრიბებიან და მოსავლის აღებას გემრიელი კერძებითა და ღვინით აღნიშნავენ.
საშემოდგომო სუფრის გასაწყობად რთველის ლოდინი აუცილებელი არ არის. სეზონური პროდუქტებით მომზადებული კერძები ჩვეულებრივ სადილსაც მრავალფეროვანს ხდის, ერთად გატარებულ დროს კი – უფრო სასიამოვნოს.