ჩურჩხელის რეცეპტი
სახლში მომზადებული ჩურჩხელის სურნელი და გემო გვიანი შემოდგომის განუყოფელი ნაწილია. ახალი კაკლისა და თხილის მოსავალს, ოჯახებში თათარის ხარშვისა და ჩურჩხელის ამოვლების ტრადიციული პერიოდიც მოჰყვება. სასურველი შედეგის მისაღებად კი სწორად შერჩეულ რეცეპტს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩურჩხელის სახლში მომზადებას გეგმავთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სამი რეცეპტი სასურველი ვარიაციის შერჩევაში დაგეხმარებათ.
კლასიკური კახური ჩურჩხელა ნიგვზით
ნიგვზის ჩურჩხელა კლასიკური და ერთ-ერთი პოპულარული ვარიანტია, რომლის მომზადების ტრადიციაც კახეთისთვისაა დამახასიათებელი. კაკლის გულითა და სქელი თათარით მომზადებული ჩურჩხელა ნოყიერი, რბილი და სასიამოვნო ტექსტურისაა. თუ ამ რეცეპტს მიჰყვებით, ნუგბარი სირბილეს დიდხანს შეინარჩუნებს.
ინგრედიენტები:
- 5-2 ლიტრი ყურძნის ახლად დაწურული ტკბილი წვენი
- 250 გრამი ხორბლის ფქვილი
- 400 გრამი მაღალი ხარისხის ნიგოზი
- ბამბის მაგარი ძაფი და ნემსი
მომზადების წესი:
- ნიგვზის ლებნები ოთხად გაჭერით და ნემსის დახმარებით მაგარ ძაფზე აასხით. ნიგვზით ასხმული ნაწილი დაახლოებით 30 სმ სიგრძის გააკეთეთ, ზედა მხარეს კი დასაკიდი მარყუჟი დატოვეთ.
- ყურძნის წვენი ქვაბში ჩაასხით და ხარშვისას ქაფი მოხადეთ. ადუღეთ, სანამ საწყისი მოცულობის დაახლოებით მესამედი არ აორთქლდება. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ.
- გაგრილებული ტკბილის ნაწილში თანდათან გახსენით გაცრილი ფქვილი. კარგად მოურიეთ, დარჩენილ წვენს შეურიეთ და საცერში გაატარეთ, რომ კოშტები არ დარჩეს.
- ნარევი კვლავ დადგით ცეცხლზე და ხის კოვზით განუწყვეტლივ ურიეთ, განსაკუთრებით ქვაბის ძირთან. ადუღების შემდეგ დაბალ ცეცხლზე ხარშვა გააგრძელეთ.
- თათარა დაახლოებით 15-20 წუთი ხარშეთ. მზა თათარა უნდა იყოს ერთგვაროვანი, ფქვილის უმი გემოს გარეშე და იმდენად სქელი, რომ ნიგვზის ასხმას კარგად ეკვროდეს.
- ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით. თითოეული ასხმა ახლად მოხარშულ თათარაში მთლიანად ჩაუშვით და ფრთხილად ამოიღეთ. თუ უფრო სქელი ფენა გსურთ, პირველი ფენის ოდნავ შეშრობის შემდეგ ხელახლა ამოავლეთ.
- ჩურჩხელები ჯოხზე ერთმანეთისგან მოშორებით დაკიდეთ, რომ ერთმანეთს არ მიეკრას. გასაშრობად შეარჩიეთ მშრალი ადგილი, სადაც ჰაერი კარგად მოძრაობს და მზის სხივები პირდაპირ არ ხვდება.
რჩევა: თათარას მოსამზადებლად ზოგჯერ რუხ ფქვილს იყენებენ, რომელიც განსაკუთრებულ გემოსა და სირბილეს იძლევა.
დასავლური ჯანჯუხა თხილით
დასავლური ჯანჯუხა იგივე გურულ-მეგრული ჩურჩხელაა, რომელიც განსაკუთრებულია იმით, რომ მასში ნიგვზის ნაცვლად მოგრძო, კარგად გამომშრალი თხილია გამოყენებული, ხოლო თათარას (ფელამუშს) სიმინდის ფქვილით ადუღებენ. სწორედ სიმინდის ფქვილის დამსახურებაა, რომ ჯანჯუხას გარსი გამოდის თხელი, ელასტიკური, ოდნავ პრიალა და ნაზი.
ჯანჯუხას მოსამზადებლად ხშირად იყენებენ ადესას, ცოლიკოურის ან სხვა დასავლური ყურძნის ბადაგს.
ინგრედიენტები:
- 1 ლიტრი ბადაგი
- 160 გრამი სიმინდის ფქვილი
- 300 გრამი თხილი
- ბამბის მაგარი ძაფი და ნემსი
- 40 გრამი ხორბლის ფქვილი – სურვილისამებრ
- 1 სუფრის კოვზი თაფლი/შაქარი – სურვილისამებრ
მომზადების წესი:
- თხილი მოხალეთ ისე, რომ კანი მარტივად გადაძვრეს. ძაფზე აასხით მთლიანი თხილის მარცვლები. რადგან თხილი ნიგოზზე პატარაა, ჯანჯუხას ძაფები შეგიძლიათ შედარებით მოკლე (20 სმ) გააკეთოთ, რათა სიმძიმემ ძაფი არ გაწყვიტოს.
- ცივი ბადაგიდან 1 ჭიქა გადადგით ცალკე, შემდეგ კი ჩაყარეთ სიმინდის ფქვილი (ან 120 გრამი სიმინდის ფქვილი და 40 გრამი ხორბლის ფქვილი). კარგად მოურიეთ.
- ჩაამატეთ დარჩენილი ბადაგი და გააცხელეთ. ფქვილიანი ნარევი განუწყვეტლივ ურიეთ. ფელამუში მუქი ყავისფერის მიღებამდე 20-30 წუთი დუღს.
- მზა ფელამუში კარგად შესქელებულია, პრიალაა და ზედაპირზე დიდ ბუშტებს იკეთებს. ფრთხილად ჩაუშვით თხილის ასხმულები ცხელ ფელამუშში. ტრადიციული ჩურჩხელისგან განსხვავებით, ერთი ამოვლებაც სრულიად საკმარისია.
- ჯანჯუხები ერთმანეთის მოშორებით დაკიდეთ მშრალ და ჩრდილიან ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება.
რჩევა:
იმისთვის, რომ ჯანჯუხა რბილი გამოვიდეს, ფელამუშში ხშირად თაფლს ამატებენ.
ჩირის ჩურჩხელა
ჩირის ჩურჩხელა შედარებით იშვიათი, მაგრამ ძალიან გემრიელი ვარიანტია. იდეალურია მათთვის, ვინც ვიტამინებით მდიდარ და არომატულ დესერტს ეძებს. ის განსაკუთრებით პოპულარულია რაჭა-ლეჩხუმსა და დასავლეთ საქართველოში.
ჩირის ჩურჩხელაში ძაფზე ასხმული ნიგვზისა თუ თხილის ნაცვლად, სხვადასხვა სახის ჩირი გამოიყენება, მათ შორის:
ვაშლის ჩირი
ქლიავის ჩირი
გარგარის ჩირი
ინგრედიენტები:
- 1 ლიტრი მზა ან ნატურალური ბადაგი
- 160 გრამი ხორბლის ფქვილი
- 250-300 გრამი შერეული ჩირი (ვაშლის, ქლიავის ან გარგარის)
- 100 გრამი ნიგოზი ან თხილი – სურვილისამებრ
- ბამბის მაგარი ძაფი და ნემსი
მომზადების წესი:
- გამოიყენეთ საშუალო ზომის ელასტიკური ჩირი. თუ ძალიან გამომშრალია, 1-2 წუთით ოდნავ თბილ წყალში ჩაალბეთ. ფრთხილად აასხით ჩირის ნაჭრები ძაფზე. გემოს გასამრავალფეროვნებლად მათ შორის ნიგვზის ლებნებიც ჩააყოლეთ.
- ბადაგიდან 1 ჭიქა გადმოიღეთ და გააგრილეთ. ზუსტად ამ ცივ ბადაგში ჩაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ ან ათქვიფეთ. დანარჩენი ბადაგი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- როგორც კი ქვაბში ბადაგი წამოდუღდება დაუწიეთ ცეცხლს და ფქვილიანი მასა ნელ-ნელა, წვრილ ზოლად ჩაასხით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.
- ჩაუშვით ჩირიანი ძაფები ცხელ თათარაში. ამოიღეთ ფრთხილად და აცადეთ ზედმეტი სითხის ჩამოწურვა. საკმარისია მხოლოდ ერთხელ ამოვლება.
- ჩამოკიდეთ გრილ, განიავებად ადგილას 3-4 დღით.
რჩევა: ჩირის ჩურჩხელასთვის საუკეთესო გემოს მისაცემად, შემდეგი კომბინაციები შეგიძლიათ გამოიყენოთ: შავი ქლიავის ჩირი + ნიგოზი, ლეღვის ჩირი + თხილი ან ნიგოზი, ვაშლის ჩირი + გარგარის ჩირი.
გემრიელი ჩურჩხელის მომზადება ხარისხიანი ინგრედიენტების შერჩევით იწყება. უმაღლესი ხარისხის ნიგოზს, ჩირეულსა და თხილს ონლაინ მაღაზიაში “ჩემი მარაგი” შეიძენთ. თუ მზა ტკბილეულის დაგემოვნება გირჩევნიათ, აქ დაგხვდებათ ქართული ნუგბარი ბადაგიო, რომელიც ბადაგში ამოვლებული თხილეულია. სასურველ პროდუქციას კი ჩვენი კურიერი უფასო მიტანის სერვისით, საქართველოს ნებისმიერ ადგილას მოგიტანთ.