Uncategorized @ka-ge

ჯანსაღი ლანჩის რეცეპტები

ლანჩი დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვებაა, რომელიც ადამიანს ენერგიის აღდგენასა და დღის მეორე ნახევრის პროდუქტიულად გაგრძელებაში ეხმარება. აქტიური ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ორგანიზმს ენერგიის შევსება მუდმივად სჭირდება. ლანჩისთვის არასწორად შერჩეულმა საკვებმა კი შეიძლება – პირიქით, დაღლილობა და შიმშილის შეგრძნება გააძლიეროს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღის ეს კვება არა მხოლოდ დანაყრებას ემსახურებოდეს, არამედ ჯანსაღი და დაბალანსებულიც იყოს.

ჯანსაღი ლანჩი სასურველია შეიცავდეს ცილის წყაროს, ბოსტნეულს, ჯანსაღ ცხიმებსა და ნახშირწყლებს. მაგალითად, ხორცი, თევზი, კვერცხი ან პარკოსნები შეიძლება ცილის წყაროდ გამოიყენებოდეს, ხოლო ბოსტნეული კერძს უჯრედისითა და სხვადასხვა საკვები ნივთიერებით ამდიდრებს. სწორად შერჩეული ინგრედიენტების კომბინაცია ლანჩს უფრო სრულფასოვანსა და ნოყიერს ხდის.

ჯანსაღი ლანჩის მომზადება სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი და ამისთვის არც ბევრი დრო და არც რთული ინგრედიენტებია საჭირო. გთავაზობთ გემრიელი და ჯანსაღი ლანჩის რეცეპტებს, რომლებიც ყოველდღიურ მენიუში მარტივად შეგიძლიათ შეიტანოთ.

1. კინოას ბოული ბოსტნეულით და თხილეულით

მსუბუქი, ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი ლანჩი, რომელიც აერთიანებს კინოას (ცილის მცენარეულ წყაროს), თხილეულს (ჯანსაღ ცხიმებს) და ბოსტნეულს (უჯრედისს). ამ ინგრედიენტების დაბალანსებული კომბინაცია დანაყრების შეგრძნების გახანგრძლივებასა და დღის განმავლობაში ენერგიის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ინგრედიენტები:

  • 70 გ კინოა
  • 100 გ კიტრი
  • 120 გ პომიდორი
  • ნახევარი საშუალო ზომის ავოკადო
  • 20 გ ნუში ან ნიგოზი
  • 10-15 გ ახალი მწვანილი
  • 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი
  • შავი პილპილი
  • ½ ჩ.კ ორეგანო

მომზადება:

  1. კარგად გარეცხილი კინოა მოხარშეთ.
  2. მომზადებული კინოა მოათავსეთ ღრმა ჯამში და ოდნავ გააგრილეთ.
  3. კიტრი, პომიდორი და ავოკადო დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დაამატეთ კინოას.
  4. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მსუბუქად მოხალული ნუში ან ნიგოზი.
  5. ბოლოს მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ორეგანო და ყველა ინგრედიენტი ფრთხილად აურიეთ.

2. მიუსლის ბოული იოგურტითა და ჩირით

სწრაფად მოსამზადებელი და ნოყიერი ლანჩი, რომელიც მიუსლის, იოგურტის, ჩირისა და თხილეულის კომბინაციით ორგანიზმს ცილით, უჯრედისითა და ჯანსაღი ცხიმებით ამარაგებს.

ინგრედიენტები:

  • 60 გ მიუსლი
  • 150 გ ნატურალური იოგურტი ან მაწონი
  • 15 გ ქიშმიში
  • 20 გ შავი ქლიავი
  • 20 გ გარგრის ჩირი
  • 20 გ ნუში ან ნიგოზი
  • ნახევარი საშუალო ზომის ბანანი
  • ნახევარი საშუალო ზომის ვაშლი ან 70-80 გ კენკრა

მომზადება:

  1. მიუსლი ჩაყარეთ საშუალო ზომის ჯამში.
  2. დაასხით ნატურალური იოგურტი ან მაწონი და მსუბუქად აურიეთ.
  3. ქიშმიში, შავი ქლიავი და გარგრის ჩირი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაამატეთ მიუსლისა და იოგურტის ნარევს.
  4. ბანანი და ვაშლი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ ჯამში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კენკრა.
  5. ბოლოს მოაყარეთ დაქუცმაცებული ნუში ან ნიგოზი და ყველაფერი კარგად აურიეთ.

3. წიწიბურას სალათი ბოსტნეულითა და არომატული სუნელებით

წიწიბურა ნოყიერი ბურღულეულია, რომელიც რთულ ნახშირწყლებს, უჯრედისსა და მცენარეულ ცილას შეიცავს. ის ენერგიის შენარჩუნებასა და დანაყრების შეგრძნებას უწყობს ხელს, ამიტომ კარგად ერგება სრულფასოვან ლანჩს. ბოსტნეულთან და არომატულ სუნელებთან ერთად კი მიიღება მსუბუქი, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძი.

ინგრედიენტები:

  • 70 გ წიწიბურა
  • 80 გ ბულგარული წიწაკა
  • 70 გ სტაფილო
  • 20 გ მწვანე ხახვი
  • 10 გ ახალი ქინძი
  • 1 ს.კ მცენარეული ან ზეითუნის ზეთი
  • ½ ჩ.კ უცხო სუნელი
  • ½ ჩ.კ პაპრიკა
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება:

  1. კარგად გარეცხილი წიწიბურა მოხარშეთ.
  2. მომზადებული წიწიბურა მოათავსეთ ჯამში და ოდნავ გააგრილეთ.
  3. ბულგარული წიწაკა და სტაფილო დაჭერით წვრილად, მწვანე ხახვი და ქინძი კი დააქუცმაცეთ.
  4. მომზადებული ბოსტნეული და მწვანილი დაამატეთ წიწიბურას და კარგად აურიეთ.
  5. ბოლოს მოასხით ზეთი, მოაყარეთ უცხო სუნელი, პაპრიკა, მარილი და შავი პილპილი და ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ.

4. შვრიის შეიკი/სმუზი თხილეულითა და ჩირით

შვრია რთული ნახშირწყლებისა და უჯრედისის კარგი წყაროა, ამიტომ ის ენერგიის თანდათანობით მიღებასა და დანაყრების შეგრძნების შენარჩუნებას უწყობს ხელს. ხილთან, თხილეულთან და რძესთან ერთად კი მისგან მარტივად მზადდება ნოყიერი სმუზი, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა სრულფასოვანი ლანჩის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ.

ინგრედიენტები:

  • 50 გ შვრიის ფანტელები
  • 200 მლ ჩვეულებრივი ან მცენარეული რძე
  • 1 საშუალო ზომის ბანანი ან ½ საშუალო ზომის ვაშლი
  • 20 გ გარგრის ჩირი ან ქიშმიში
  • 1 ს.კ თხილეულის კარაქი ან 20 გ დაქუცმაცებული ნუში
  • სურვილისამებრ – ½ ჩ.კ დარიჩინი

მომზადება:

  1. შვრიის ფანტელები მოათავსეთ ბლენდერში.
  2. დაამატეთ რძე, დაჭრილი ბანანი ან ვაშლი და ჩირი.
  3. დაამატეთ თხილეულის კარაქი ან დაქუცმაცებული ნუში, დამატებითი არომატისა და მსუბუქი სიტკბოსთვის – დარიჩინი.
  4. ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  5. თუ უფრო თხელი კონსისტენცია გსურთ, დაამატეთ ცოტაოდენი რძე და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.

5. ბოსტნეულის ტორტილა/ვრაპი თხილეულის სოუსით

ბოსტნეულის ვრაპი მსუბუქი და მარტივად მოსამზადებელი ლანჩია, რომელიც ორგანიზმს უჯრედისითა და სხვადასხვა საკვები ნივთიერებით ამარაგებს. თხილეულის სოუსი კი კერძს ჯანსაღ ცხიმებსა და უფრო ნოყიერ გემოს მატებს.

ინგრედიენტები:

  • 1 საშუალო ზომის ტორტილა ან ლავაში
  • 40 გ სალათის ფურცლები
  • 70 გ სტაფილო
  • 80 გ კიტრი
  • 20 გ არაქისი ან ნიგოზი
  • 1 პატარა კბილი ნიორი
  • ½ ჩ.კ ხმელი ქინძი
  • შავი პილპილი – გემოვნებით
  • 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი
  • 1-2 ს.კ წყალი

მომზადება:

  1. არაქისი ან ნიგოზი მოათავსეთ ბლენდერში და დაამატეთ ნიორი, ხმელი ქინძი, შავი პილპილი, ზეითუნის ზეთი და ცოტაოდენი წყალი.
  2. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი, სოუსის მსგავსი კონსისტენციის მიღებამდე.
  3. სტაფილო და კიტრი დაჭერით თხელ ზოლებად.
  4. ტორტილას ან ლავაშს წაუსვით მომზადებული თხილეულის სოუსი და ზემოდან დაალაგეთ სალათის ფურცლები, სტაფილო და კიტრი.
  5. ტორტილა მჭიდროდ გადაახვიეთ და სურვილისამებრ შუაზე გაჭერით.

ჯანსაღი ლანჩისთვის საჭირო ინგრედიენტებს იპოვით ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“. აქ ასევე დაგხვდებათ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, მათ შორის: ბურღულეული, მარცვლეული, თხილეული, ჩირი, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, სუნელები, მიქსები და სხვა ინგრედიენტები.

ხოლო, იმისთვის, რომ ლანჩის დაგეგმვა და მომზადება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდეს, „ჩემი მარაგი“ ნებისმიერი მოცულობის შეკვეთას საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ მოგაწვდით.