ჯანსაღი საუზმის რეცეპტები
ჯანსაღი საუზმე დღის ენერგიულად დაწყებისა და დაბალანსებული კვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. დილის კვება ორგანიზმს აწვდის ენერგიასა და საჭირო საკვებ ნივთიერებებს, ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნებას და დღის განმავლობაში ენერგიის შენარჩუნებას. სწორად შერჩეული ინგრედიენტებით შესაძლებელია ჯანსაღი საუზმის მარტივად და სწრაფად მომზადება, ისე, რომ დილით დიდი დროის დახარჯვა არ დაგჭირდეთ.
ჯანსაღი საუზმე სასურველია აერთიანებდეს შემდეგ საკვებ კომპონენტებს:
- ცილის წყარო:
კვერცხი, ხაჭო, ბერძნული იოგურტი, რძე ან სხვა ცილოვანი პროდუქტები. ცილა ხელს უწყობს ხანგრძლივად დანაყრებას და კუნთოვანი მასის შენარჩუნებას. - რთული ნახშირწყლები:
შვრიის ფანტელი, სრულმარცვლოვანი პური ან უშაქრო გრანოლა. ისინი ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს და დღის აქტიურად დაწყებაში ეხმარება. - ხილი და ბოსტნეული:
ბანანი, კივი, კენკრა, ვაშლი, პომიდორი, ისპანახი ან სხვა სეზონური პროდუქტები. ისინი ვიტამინების, მინერალებისა და უჯრედისის მნიშვნელოვანი წყაროა. - სასარგებლო ცხიმები:
ნიგოზი, ნუში, ჩიასა და გოგრის თესლი, ნუშის ან მიწისთხილის კარაქი. მათი ზომიერი რაოდენობით დამატება საუზმეს უფრო ნოყიერს ხდის და ორგანიზმს აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით ამარაგებს.
ამ ბლოგში გაგიზიარებთ ჯანსაღი საუზმის 5 მარტივ და მრავალფეროვან რეცეპტს, რომლებიც გემრიელი ინგრედიენტებითა და საკვები ნივთიერებების დაბალანსებული კომბინაციით გამოირჩევა.
შვრიის ფაფა ბანანით, კივითა და ნუშის კარაქით
ინგრედიენტები:
- 40 გ შვრიის ფანტელი
- 100 მლ რძე
- 150 გ ვანილის ბერძნული იოგურტი
- ½ ბანანი
- 1 კივი
- 5 გ ჩიას თესლი
- 7 გ ნუშის კარაქი
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადება:
- მოხარშეთ შვრიის ფანტელი რძეში 5-7 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ.
- ფაფა ოდნავ გააგრილეთ, შეურიეთ ჩიას თესლი და ვანილის ბერძნული იოგურტი.
- ბანანი და კივი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ნუშის კარაქთან ერთად ფაფას დაუმატეთ. სურვილისამებრ მოაყარეთ დარიჩინი.
ტაფამწვარი ისპანახითა და გოგრის თესლით
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 2 კვერცხის ცილა
- 40 გ ისპანახი
- 1 პატარა პომიდორი
- 10 გ გოგრის თესლი
- 40 გ სრულმარცვლოვანი პური
- ½ ჩ/კ ზეითუნის ზეთი
- ლიმონის წვენი
- მარილი და პილპილი
მომზადება:
- პომიდორი პატარა კუბიკებად დაჭერით, ისპანახი კი გარეცხეთ.
- ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. პომიდორი და ისპანახი 1-2 წუთის განმავლობაში მოშუშეთ.
- დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და დაბალ ცეცხლზე ნელა ურიეთ იქამდე, სანამ კრემოვან კონსისტენციას არ მიიღებს.
- მზა ტაფამწვარს მოაყარეთ გოგრის თესლი და მიირთვით გახუხულ სრულმარცვლოვან პურთან ერთად.
ხაჭოსა და ბანანის ბლინები ნუშითა და შავი ქლიავით
ინგრედიენტები:
- 150 გ ხაჭო (2-5%)
- 1 კვერცხი
- 25 გ შვრიის ფანტელი
- ½ ბანანი
- 10 გ ნუში
- 20 გ შავი ქლიავის ჩირი
- 7 გ თაფლი
- ვანილი
- ცოტაოდენი გამაფხვიერებელი
მომზადება:
- დააბლენდერეთ შვრიის ფანტელი. უნდა მიიღოთ ფქვილის კონსისტენცია.
- ცალკე ჯამში ჩანგლით დაჭყლიტეთ ბანანი. დაუმატეთ ხაჭო, კვერცხი, დაფქული შვრია, ვანილი და გამაფხვიერებელი. ყველაფერი კარგად აურიეთ ან დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებული მასისგან პატარა ბლინები გააკეთეთ და არაწებოვან ტაფაზე მოამზადეთ. თითოეულ მხარეს დაახლოებით 2-3 წუთი დასჭირდება.
- შავი ქლიავის ჩირი რამდენიმე წუთით თბილ წყალში ჩაალბეთ, შემდეგ კი პატარა ნაჭრებად დაჭერით. მზა ბლინებს მოაყარეთ დაჭრილი შავი ქლიავი და ნუში. სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი.
ტოსტი მიწისთხილის კარაქით, ფინიკითა და ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 60 გ სრულმარცვლოვანი პური
- 10 გ მიწისთხილის კარაქი
- 20 გ ფინიკი
- 10 გ ნიგოზი
- 5 გ ქოქოსის ფანტელი
- 150 გ ბერძნული იოგურტი
- დარიჩინი
მომზადება:
- სრულმარცვლოვანი პურის ორი ნაჭერი გახუხეთ და ორივეს თანაბრად გადაუსვით მიწისთხილის კარაქი.
- ერთ-ერთ ტოსტზე გადაიტანეთ დაჭრილი ფინიკი, მეორეზე კი გადაანაწილეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და ქოქოსის ფანტელი.
- სურვილისამებრ მოაყარეთ დარიჩინი და მიირთვით ბერძნულ იოგურტთან ერთად.
ხრაშუნა გრანოლა იოგურტით და კივით
ინგრედიენტები:
- 250 გ ქოქოსის ბერძნული იოგურტი
- 25 გ გრანოლა
- 1 კივი
- 5 გ ჩიას თესლი
- 5 გ გოგრის თესლი
- 5 გ ქოქოსის ფანტელი
- 4 გ თაფლი
- ცოტაოდენი ლიმონის ცედრა
მომზადება:
- გადაიტანეთ ბერძნული იოგურტი ღრმა ჯამში და დაუმატეთ დაჭრილი კივი, ჩიასა და გოგრის თესლი.
- მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და ცოტაოდენი გახეხილი ლიმონის ცედრა.
- ბოლოს დაუმატეთ გრანოლა, მოასხით თაფლი და მიირთვით. უმჯობესია, გრანოლა უშუალოდ ჭამის წინ დაამატოთ, რათა სიხრაშუნე შეინარჩუნოს.
ჯანსაღი საუზმე სულაც არ გულისხმობს ერთფეროვან მენიუს. მთავარია, დილის მენიუ თქვენს გემოვნებასა და კვებით საჭიროებებს მოარგოთ და ორგანიზმი აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოთ.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული საუზმის რეცეპტებისთვის საჭირო ინგრედიენტების შეძენა „ჩემს მარაგში“ შეგიძლიათ. ონლაინ მაღაზიაში 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი, მათ შორის, თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, საკონდიტრო ნაწარმი, მიქსები, სუნელები და სხვა. შეარჩიეთ სასურველი პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლეთ უფასო მიტანის სერვისით თბილისის მასშტაბით.