საუკეთესო სამარხვო რეცეპტები დიასახლისებისთვის
დიდი მარხვა უკვე რამდენიმე კვირაა დაიწყო. აღდგომის წინა მარხვის პერიოდი ყველაზე ხანგრძლივია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია გონივრული კვების რაციონის შედგენა და ისეთი სამარხვო კერძების მომზადება, რომლებიც მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ჯანსაღი იქნება. მარხვის პერიოდში იკრძალება ისეთი პროდუქტების მიღება, როგორებიცაა: ხორცი, რძის ნაწარმი და კვერცხი. ქართული ტრადიციული სამზარეულო მდიდარია სამარხვო პროდუქტებით, რომლებიც გამოირჩევა გემოვნური თვისებებით და ერთიანობაში ნოყიერ, არომატულ კერძებს ქმნის.
რადგან მარხვის დროს, ადამიანი ბევრი სახეობის პროდუქტს ვერ იღებს, ორგანიზმში აუცილებელია ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების დაბალანსებულად მიღება. ლობიო, ღომი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, სამარხვო ქადა, მჭადი – ქართული სამარხვო კერძების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ყველაზე ხშირად მზადდება ოჯახებში.
1. ამოლესილი ლობიო
ლობიო გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მარხვის დროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ამასთან ერთად, აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ქართული ამოლესილი ლობიო საუკეთესო ლობიოს კერძების რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს.
ამოლესილი ლობიოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1კგ. მინდვრის ლობიო
- 2-3 თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- დაფნის ფოთოლი
- 2-3 ძირი პრასი
- 4-5 ცალი ტყემალი ან ტყემლის საწებელი (სურვილისამებრ)
- ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ქონდარი, რეჰანი, ოხრახუში, ქონდარი გემოვნებით
მომზადების წესი:
იმისთვის, რომ ლობიო სწრაფად მოიხარშოს, დატოვეთ ის წინა ღამით ცივ წყალში. მეორე დღეს წყალი გამოუცვალეთ და დაიწყეთ მოხარშვა. წვენის ჩაშრობასთან ერთად დაუმატეთ წყალი, სანამ ლობიო მოიხარშება. ხარშვის პერიოდში დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ტყემალი. მოხარშულ ლობიოს შეურიეთ ტაფაზე, ზეთში მოთუშული ხახვი, პრასი, ნიორი და ოხრახუში, შემდეგ ხის კოვზით კარგად ამოლესეთ. შეზავებულ ლობიოს დაუმატეთ ქინძი, რეჰანი და ქონდარი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
2. წიწიბურას კატლეტი
წიწიბურა მცენარეული წარმოშობის სამარხვო ბურღულეულია, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან ვიტამინ B-სა და მცენარეულ ცილას შეიცავს. სამარხვო კატლეტების მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
- 150 გრ. წიწიბურა
- 2 ჭიქა წყალი (ან ბოსტნეულის ბულიონი მეტი არომატისთვის)
- 1 დიდი ხახვი, წვრილად დაჭრილი
- 1 ცალი სტაფილო
- მარილი და პილპილი, გემოვნებით
- 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი (მომზადებისთვის)
- სურვილისამებრ მწვანილი და სანელებლები: პაპრიკა, კვლიავი, ქინძი
მომზადების წესი:
წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი საშუალო ზომის ქვაბში ადუღებამდე მიიყვანეთ. დაუმატეთ კარგად გარეცხილი წიწიბურა და ცოტა მარილი. დაახურეთ თავსახური და შედარებით დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში ხარშეთ. როგორც კი წყალი შეიწოვება და წიწიბურა დარბილდება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.
ტაფაზე მოთუშეთ ხახვი მცენარეულ ზეთში შეოქროსფერებამდე, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და გაგრილებული წიწიბურა. მოაყარეთ მარილი, პილპლილი და ნებისმიერი მწვანილი ან სანელებლები. აურიეთ კარგად.
მიღებული მასისგან მოამზადეთ პატარა გუნდები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.
3. ნიგვზიანი ქადა
ქადა მარხვის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია, მისი მომზადება კი ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- 100 მლ. ცხელი წყალი
- 2 ს/კ ზეთი
- 120 გრამი მარგარინი
- 5 ჩ/კ სოდა
- 100 გრამი შაქარი
- 2 ჭიქა ფქვილი
გულსართისთვის:
- 100 გრამი მარგარინი
- 200 გრამი ნიგოზი
- 200 გრამი ფქვილი
- 150 გრამი შაქარი
- ვანილი
- ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი, მიხაკი
მომზადების წესი:
ცომის მისაღებად ცხელ წყალს დაუმატეთ ზეთი, მარგარინი, სოდა, მარილი და შაქარი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და დაიწყეთ ცომის მოზელა ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე. მიღებული ცომი გააჩერეთ მაცივარში 20 წუთით.
პარალელურად მოამზადეთ ქადის გულსართი: ჯამში აურიეთ მარგარინი, ფქვილი, შაქარი, გატარებული ნიგოზი და ვანილი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი და მიხაკი.
გააბრტყელეთ ცომი თხლად, მოაყარეთ გულსართი, გადაახვიეთ რულეტის ფორმაზე და დაჭერით ქადის საჭრელით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
სამივე რეცეპტი სამარხვო და ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, თან მათი მომზადება უმარტივესად შეგიძლიათ. თუ თქვენი სამზარეულოს სამარხვო პროდუქტებით გამრავალფეროვნება გსურთ, ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. შეკვეთილ პროდუქციას კურიერი საქართველოს მასშტაბით უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.