საზაფხულო სასმელები – მარტივი და გემრიელი რეცეპტები

ცივი, გემრიელი სასმელები ზაფხულის ცხელ დღეებს არა მხოლოდ აგრილებს, არამედ განწყობასაც უფრო სასიამოვნოს და ხალისიანს ხდის. თუმცა გამაგრილებელი სასმელები არა მხოლოდ განტვირთვისა და სიამოვნების წყაროა, არამედ იცავს ორგანიზმს გადახურებისგან და უზრუნველყოს მის გაგრილებას. განსაკუთრებით სასარგებლოა სახლში, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მომზადებული სასმელები, რომლებიც ხელოვნურ შაქრებს არ შეიცავს. ისინი ორგანიზმს ენერგიით ავსებს და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
სწორად შერჩეული ინგრედიენტები კი „ჩემი მარაგის“ მრავალფეროვან ასორტიმენტში მარტივად მოიძებნება – ზუსტად ისეთი, რაც აუცილებელია გემრიელი და ჯანსაღი საზაფხულო სასმელების მოსამზადებლად. ხილთან ერთად სხვადასხვა სახის მარცვლოვანი პროდუქტები ქმნის ნატურალურ, გამაცოცხლებელ და ენერგიის მომცემ წვენებს, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს უფრო გრილს და სასიამოვნოს ხდის.
კივისა და ლიმონის გამაგრილებელი სასმელი
ციტრუსოვანი გემოების მოყვარულებისთვის ეს გამაჯანსაღებელი ცივი სასმელი იდეალური არჩევანია. კივი და ლიმონი C ვიტამინის მდიდარი წყაროა, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას. ჩიას თესლი შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს მონელების გაუმჯობესებას, ხოლო პიტნა ლიმონთან ერთად სასიამოვნოდ აგრილებს ორგანიზმს ცხელი დღეების განმავლობაში.
ინგრედიენტები:
- 1 კივი (გაფცქვნილი და დაჭრილი)
- ½ ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ დაქუცმაცებული პიტნა
- 1 ჩ/კ ჩიას თესლი (10 წუთით წყალში დამბალი)
- 1 ს/კ თაფლი (სურვილისამებრ)
- 1 ჭიქა ცივი ან გაზიანი წყალი
- ყინულის კუბები
მომზადების წესი:
ბლენდერში მოათავსეთ კივი, ლიმონის წვენი, დაქუცმაცებული პიტნა და თაფლი. დაუმატეთ ცივი ან გაზიანი წყალი და წინასწარ წყალში დამბალი ჩიას თესლი. კარგად დააბლენდერეთ, სურვილისამებრ მიაყოლეთ ყინულის კუბები და მორთეთ პიტნის ფოთლებით. მიირთვით ცივი.
ბანანისა და გოჯი ბერის სმუზი
ოდნავ მჟავე გემოს მქონე, კრემისებრი კონსისტენციის ეს სმუზი შეიცავს ყველა აუცილებელ და სასარგებლო ინგრედიენტს, რაც სხეულს სჭირდება. მაგალითად, გოჯი ბერისა და ბანანის კომბინაცია ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის გაუმჯობესებას, დაფქული სელის თესლი განაპირობებს მონელების პროცესის რეგულაციასა და ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას, ხოლო კურკუმა ცნობილია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.
ინგრედიენტები:
- 1 მწიფე ბანანი
- 1 ს/კ წინასწარ დამბალი გოჯი ბერი
- ½ ჩ/კ გახეხილი კურკუმას ფესვი
- 1 ჭიქა გაციებული ნუშის ან შვრიის რძე
- ½ ჩ/კ დაფქული სელის თესლი
- ყინულის კუბები
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან, კრემისებრ მასას არ მიიღებთ. სასურველია სმუზი მიირთვათ მორთული სელის თესლით ან დამატებით ცოტაოდენი დაფქული კურკუმათი.
კივისა და ბანანის სმუზი თხილით
ეს ლიმონათი ისეთ განსაკუთრებულ ინგრედიენტებს შეიცავს, რომ გემოვნური მახასიათებლებით ნამდვილად გამორჩეულია. თხილეულის მსუბუქი გემო ადვილად ერწყმის სხვა ინგრედიენტებს და უნიკალურ გემოსა და ღრმა არომატს იძლევა.
ინგრედიენტები:
- 1 მწიფე ბანანი
- 1 გაფცქვნილი კივი
- 1 ჩ/კ დაქუცმაცებული პიტნა
- ½ ლიმონის წვენი
- 5-6 ცალი ნუში, ქეშიუ ან ნიგოზი (წინასწარ დამბალი)
- ½ ჭიქა ცივი წყალი, რძე ან მცენარეული რძე (მაგ. ნუშის ან შვრიას)
- ყინულის კუბები
- 1 ჩ/კ ჩიას თესლი (სურვილისამებრ)
- 1 ჩ/კ თაფლი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
ბლენდერში მოათავსეთ ბანანი, კივი, დამბალი თხილეული, პიტნა და ლიმონის წვენი. დაუმატეთ რძე ან წყალი და დააბლენდერეთ ერთგვაროვან მასამდე. დაამატეთ ყინული და განაგრძეთ დაბლენდერება იქამდე, სანამ სასურველ ტექსტურას არ მიიღებთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ბოლოს ჩაამატოთ ჩიას თესლი და კარგად აურიოთ. მიღებული სმუზი ჩაასხით ჭიქაში და სურვილისამებრ მორთეთ დაჭრილი თხილეულით ან პიტნით.
დარიჩინის და ჩიას ცივი ჩაი
დარიჩინისა და ჩიას თესლისგან მომზადებული ცივი ჩაი ტკბილი სასმელების ჯანსაღი და ბუნებრივი ალტერნატივაა. დარიჩინი ცნობილია იმით, რომ ეხმარება სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას, ამშვიდებს და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ჩაი, იქნება ეს მწვანე თუ შავი, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. ჩიას თესლი კი ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რადგან წარმოადგენს უჯრედისისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მდიდარ წყაროს.
ინგრედიენტები:
- 1 დარიჩინის ღერო
- 1 ჩაის პაკეტი (შავი ან მწვანე ჩაი)
- 1 ჩ/კ ჩიას თესლი (წინასწარ დამბალი)
- 1 ჩ/კ თაფლი (სურვილისამებრ)
- 1 ჭიქა ცხელი წყალი (ჩაის დაყენებისთვის), შემდეგ გაციებული
- ყინულის კუბები
მომზადების წესი:
დარიჩინის ღერო და ჩაის პაკეტი მოათავსეთ ცხელ წყალში და დააყენეთ 5-7 წუთით. გააციეთ ჩაი და შედგით მაცივარში. გაციებულ ჩაის დაამატეთ წინასწარ წყალში დამბალი ჩიას თესლი და თაფლი. კარგად მოურიეთ და ჩაამატეთ ყინულის კუბები.
მატჩას ცივი ჩაი
მატჩა – იაპონური ჩაის კულტურის განუყოფელი ნაწილია. ის ცნობილია ანტიოქსიდანტური თვისებებით, აუმჯობესებს კონცენტრაციას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ავსებს ორგანიზმს ენერგიით. ტრადიციულად, მას სუფთა სახით მიირთმევენ – შაქრისა და რძის დამატების გარეშე, რათა შენარჩუნდეს ბუნებრივი გემო და სარგებლიანობა.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ მატჩას ფხვნილი
- 60-80 მლ. წყალი
- ყინულის კუბიკები
მომზადების წესი:
მატჩას ფხვნილი პატარა საცერით გაცერით, რათა გლუვი ტექსტურა მიიღოთ. წყალი აადუღეთ და გააგრილეთ. არ გამოიყენოთ მდუღარე წყალი. ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მატჩა 20 მლ. წყალში და დაიწყეთ წრიული მოძრაობით თქვეფა. გამოიყენეთ ბამბუკის სათქვეფი. დაამატეთ დარჩენილი ცივი წყალი და განაგრძეთ თქვეფა სწრაფი მოძრაობით იქამდე, სანამ ზედაპირზე ფაფუკი ქაფი არ წარმოიქმნება. ჩაამატეთ ყინულის კუბიკები.
ზაფხულის გემრიელი და ჯანსაღი სასმელებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტს ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგის“ საიტზე მოიძიებთ. შეკვეთის გაკეთება მარტივია, ხოლო მიწოდების სერვისი უფასო საქართველოს მასშტაბით.