პასკის მარტივი და გემრიელი რეცეპტები
აღდგომის მოახლოებასთან ერთად იზრდება ინტერესი კითხვაზე: „როგორ მოვამზადოთ პასკა“. ზოგს შესაძლოა წელს პირველად უწევს მისი მომზადება, ზოგს კი უფრო დიეტური, დაბალკალორიული ვერსია აინტერესებს, ზოგიც კი დროის სიმცირეს განიცდის და სწრაფ ვარიანტს ეძებს. ამ ბლოგში სწორედ ისეთ პასკის რეცეპტებს გიზიარებთ, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებისა და გემოვნების მქონე ადამიანებისთვის იქნება საინტერესო.
ტრადიციული პასკის მარტივი რეცეპტი
თუ კლასიკური პასკა გიყვართ, ეს რეცეპტი თქვენთვის იდეალური არჩევანი იქნება. განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ პირველად აცხობთ და გსურთ მარტივი ნაბიჯებით მიაღწიოთ წარმატებულ შედეგს. ამ რეცეპტით გამოდის ტრადიციული სტილის ფაფუკი პასკა, რომელიც ინარჩუნებს იდეალურ ბალანსს სიმარტივესა და ტრადიციულ გემოს შორის.
ინგრედიენტები:
- 500 მლ თბილი რძე
- 150 გ შაქარი
- 2 კვერცხი + 1 გული
- 120 გ კარაქი (გამდნარი)
- 20-25 გ მშრალი საფუარი
- 1 ჩ/კ ვანილი
- მწიკვი მარილი
- 1 ჩ/კ დარიჩინი (სურვილისამებრ)
- 800–900 გ ფქვილი (გაცრილი)
- 150–200 გ ქიშმიში ან ჩირი
მომზადების წესი:
- თბილ რძეში გახსენით 1-2 ს.კ შაქარი და დაუმატეთ საფუარი. გააჩერეთ 10-15 წუთი, რომ გააქტიურდეს.
- ჯამში ათქვიფეთ კვერცხები + შაქარი + მარილი + ვანილი.
- დაამატეთ რძეში გააქტიურებული საფუარი და აურიეთ.
- ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
- ბოლოს დაამატეთ კარაქი და კარგად ჩაზილეთ (ცომი უნდა გახდეს ელასტიკური და რბილი).
- დააფარეთ და გააჩერეთ თბილ ადგილას 60-90 წუთი, სანამ მოიმატებს მოცულობა
- მსუბუქად ჩაზილეთ და დაუმატეთ ქიშმიში/ჩირი (წინასწარ ფქვილში ამოვლებული) და ნაზად აურიეთ.
- გადაიტანეთ ფორმებში (შეავსეთ დაახლოებით 1/3).
- გააჩერეთ კიდევ 30-40 წუთი ფორმებში ამოსაფუებლად.
- გამოაცხვეთ 170-180°C-ზე, დაახლოებით 35-45 წუთი.
რჩევა:
რძე უნდა იყოს თბილი და არა ცხელი, კარაქი – აუცილებლად რბილი, ფქვილი კი ცოტ-ცოტა დაამატეთ, რომ ცომი არ გამაგრდეს.
სააღდგომო კულიჩი კეფირით
თუ კულიჩის გამოცხობა გსურთ, სცადეთ კეფირიანი კულიჩის მომზადება. კულიჩი მზადდება სწრაფად და მარტივად, რაც საშუალებას გაძლევთ, ზედმეტი სირთულეეების გარეშე შექმნათ სააღდგომო განწყობა. ამ შემთხვევაში, შედეგი არ არის დამოკიდებული საფუარის აფუების პროცესზე, რაც რეცეპტს კიდევ უფრო საიმედოს და მოსახერხებელს ხდის.
მზადების პროცესი მარტივია და არ მოითხოვს დიდ დროს ან განსაკუთრებულ ტექნიკას. კლასიკური კულიჩისგან განსხვავებით, მას უფრო კექსის მსგავსი ტექსტურა და გემო აქვს, რის გამოც ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ.
ინგრედიენტები:
- 250 მლ კეფირი
- 120 გ შაქარი
- 2 კვერცხი
- 80 მლ მცენარეული ზეთი
- 350 გ ფქვილი
- 5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
- 100 გ ქიშმიში ან ცუკატები
მომზადების წესი:
- ჯამში ათქვიფეთ კვერცხები და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ კეფირი და მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ.
- ცალკე აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილის შაქარი.
- მშრალი ინგრედიენტები ნელ-ნელა დაამატეთ სითხეს და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი ცომი.
- ბოლოს ჩაუმატეთ ქიშმიში ან ცუკატები და მსუბუქად აურიეთ.
- გადაიტანეთ ცომი ფორმებში (შეავსეთ დაახლოებით ნახევრამდე).
- გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180°C ტემპერატურაზე, 35-40 წუთის განმავლობაში.
გამოცხვა თუ არა, შეამოწმეთ ხის ჩხირით: თუ ცომი არ ეკრობა და მშრალია, კულიჩი მზად არის.
რჩევა:
კულიჩის ცხობისას გაითვალისწინეთ, რომ პირველი 20-25 წუთი ღუმელი არ გახსნათ. თუ ზედა ნაწილი სწრაფად მუქდება, ქაღალდი დააფარეთ. გამოცხობის შემდეგ კულიჩი ცოტა ხანი ფორმაში დატოვეთ, შემდეგ კი ფრთხილად ამოიღეთ. ასე ფორმას არ დაუკარგავთ.
დაბალკალორიული ხაჭოს პასკა
თუ კალორიებს აკონტროლებთ და ამავდროულად, პასკაც გიყვართ, ხაჭოს პასკის რეცეპტს გიზიარებთ. ნაკლებად ცხიმიანი ინგრედიენტებითა და მაღალი ცილის შემცველობით, ეს მსუბუქი დესერტი კარგად ერგება ჯანსაღი კვების პრინციპებს.
მთლიანი კვებითი ღირებულება 100 გრამზე ასე გამოიყურება:
ენერგეტიკული ღირებულება: 154 კკალ
ცილა: 10.5 გ
ცხიმი: 5.2 გ
ნახშირწყლები: 16.2 გ
ინგრედიენტები:
- 500 გ ხაჭო
- 2 ს.კ. არაჟანი (15% ცხიმიანობა)
- 100 მლ ნატურალური იოგურტი
- 3 ს.კ. თაფლი ან სტევია
- 50 გ ქიშმიში
- 80 გ გარგრის ჩირი
- 1 ს.კ. ჟელატინი
- 150 მლ წყალი
მომზადების წესი:
- ჟელატინი ჩაალბეთ ცივ წყალში და დაელოდეთ გაფუებას.
- ქიშმიში და გარგრის ჩირი კარგად გარეცხეთ. მოათავსეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ ცოტა წყალი და თაფლი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5-8 წუთი.
- ბლენდერში მოათავსეთ ხაჭო, არაჟანი და იოგურტი, დაუმატეთ თაფლი.
- დააბლენდერეთ, სანამ მიიღებთ ერთგვაროვან, კრემისებურ მასას.
- ქიშმიში გადაწურეთ, გარგრის ჩირი დაჭერით პატარა ნაჭრებად და ორივე დაამატეთ ხაჭოს მასას.
- ჟელატინი გაადნეთ (შეგიძლიათ გააცხელოთ იმავე სითხეში, სადაც ჩირი მოიხარშა), კარგად მოურიეთ, რომ სრულად გაიხსნას.
- გაწურეთ ჟელატინის სითხე და ჩაასხით ხაჭოს მასაში. კარგად აურიეთ.
- ფორმა (პასკის ან სხვა) დაფარეთ მარლით (3-4 ფენა) და ჩაასხით მასა.
- ზემოდან გადააფარეთ მარლის კიდეები, დაადეთ პატარა სიმძიმე და დადგით მაცივარში მინიმუმ რამდენიმე საათით (საუკეთესოა მთელი ღამე).
- შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და მოხსენით მარლა.
რჩევა:
შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ჩირიც, მაგალითად, ქლიავის ჩირი ან ფინიკი, რომელიც პასკას ბუნებრივ სიტკბოს მისცემს.
პასკის მოსამზადებელი ინგრედიენტების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“. შეკვეთის მიწოდების სერვისი უფასოა საქართველოს ნებისმიერ წერტილში.