მატჩას გამაგრილებელი სასმლის გემრიელი რეცეპტები
მატჩა ბოლო წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბევრის ყურადღების
ცენტრში მოექცა. მკვეთრი მწვანე ფერი, გამაგრილებელი გემო და ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო თვისებები მას ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასმელად აქცევს. თუმცა
თანამედროვე ტრენდის მიღმა მატჩას მრავალსაუკუნოვანი ისტორია და გამორჩეული
ტრადიცია იმალება.
მატჩას ფხვნილის უნიკალური თვისებები
მატჩას სასმელების მთავარი ინგრედიენტი მატჩას ფხვნილია, რომელიც სპეციალური
მეთოდით მოყვანილი და დამუშავებული მწვანე ჩაის ფოთლებისგან მზადდება. ჩვეულებრივ
მწვანე ჩაისთან შედარებით მატჩა ანტიოქსიდანტების გაცილებით მაღალი შემცველობით
გამოირჩევა. ყავისგან განსხვავებით კი მასში არსებული კოფეინისა და
L-თეანინის კომბინაცია სიფხიზლისა და კონცენტრაციის ზრდას უფრო თანაბრად,
ძლიერი შფოთვისა და მოულოდნელი ენერგეტიკული ვარდნის გარეშე უწყობს ხელს.
ამ ბლოგში გაგიზიარებთ მატჩას ფხვნილით მომზადებული გამაგრილებელი სასმელების
რამდენიმე მარტივ და გემრიელ რეცეპტს. გაიგებთ, როგორ მოამზადოთ კლასიკური
ცივი მატჩა ლატე, მატჩა ლიმონათი, მარწყვის მატჩა ლატე, მატჩა ტონიკი და
პროტეინიანი მატჩა.
კლასიკური ცივი მატჩა ლატე
ინგრედიენტები:
- ½–1 ჩაის კოვზი მატჩა
- 40 მლ თბილი წყალი
- 180–200 მლ რძე ან უშაქრო ნუშის რძე
- ყინული
- სურვილისამებრ: თაფლი, სიროფი ან დამატკბობელი
მომზადების წესი:
- მატჩა გახსენით თბილ წყალში, კარგად ათქვიფეთ და შემდეგ ყინულიან რძეს
ზემოდან ნელა მოასხით. - შეგიძლიათ დაუმატოთ დამატკბობელი. დალევამდე კარგად მოურიეთ.
მატჩას მომზადების უნიკალური ხერხი
იდეალური მატჩას მოსამზადებლად რამდენიმე ტრადიციული ჭურჭელია საჭირო.
თქვენ დაგჭირდებათ:
- ჩავანი — ფართო კერამიკული ფინჯანი;
- ჩაზენი — ბამბუკის სათქვეფი;
- ჩაშაკუ — ბამბუკის კოვზი ფხვნილის ზუსტი რაოდენობის
ამოსაღებად; - წვრილი საცერი — ერთგვაროვანი ნარევის მისაღებად.
ჩაშაკუთი ამოიღეთ მატჩას ფხვნილის ზუსტი რაოდენობა და გაატარეთ საცერში.
გადაიტანეთ ჩავანში, დაასხით 70 მლ ცხელი, მაგრამ არა მდუღარე წყალი და
ჩაზენით, სწრაფი „M“ ან „W“ მოხაზულობის მოძრაობით, ათქვიფეთ. როგორც კი
ზედაპირზე მსუბუქი ქაფი წარმოიქმნება, მოძრაობა შეანელეთ და სასმელი
დაუყოვნებლივ მიირთვით.
სპეციალური ჭურჭლის არქონის შემთხვევაში მატჩას მომზადება ჩვეულებრივი
ფინჯნით, წვრილი საცრითა და პატარა სათქვეფით ან რძის ქაფის ამომყვანი
აპარატითაც შეგიძლიათ.
მარწყვის მატჩა ლატე
ინგრედიენტები:
- 3–4 ცალი მარწყვი
- 40 მლ თბილ წყალში გახსნილი მატჩა
- 180–200 მლ რძე ან უშაქრო ნუშის რძე
- ყინული
- სურვილისამებრ: თაფლი ან დამატკბობელი
მომზადების წესი:
- ჭიქის ძირში ჩაჭყლიტეთ 3–4 ცალი მარწყვი.
- დაუმატეთ თაფლი ან დამატკბობელი, შემდეგ ჩაამატეთ ყინული, რძე და უკვე
თბილ წყალში გახსნილი მატჩა. - ასე გამოგივათ სამფენიანი, ლამაზი სასმელი.
მატჩა ლიმონათი
ინგრედიენტები:
- ½ ლიმონის წვენი
- 40 მლ თბილ წყალში გახსნილი მატჩა
- 180–220 მლ ცივი წყალი
- 1–2 ჩაის კოვზი თაფლი, შაქრის სიროფი ან დამატკბობელი
- ყინული
- სურვილისამებრ: პიტნის ფოთლები და ლიმონის ნაჭრები
მომზადების წესი:
- ჭიქაში ლიმონის წვენს შეურიეთ თაფლი ან სხვა დამატკბობელი.
- ჩაყარეთ ბევრი ყინული და დაასხით ცივი წყალი.
- ბოლოს ზემოდან ნელა მოასხით თბილ წყალში გახსნილი მატჩა.
- სურვილისამებრ გააფორმეთ პიტნის ფოთლებითა და ლიმონის ნაჭრებით.
დალევამდე კარგად მოურიეთ.
მატჩა ტონიკი
ინგრედიენტები:
- 1–2 ჩაის კოვზი ლაიმის ან ლიმონის წვენი
- 40 მლ თბილ წყალში გახსნილი მატჩა
- 180–220 მლ ცივი ტონიკი
- ლაიმის ან ლიმონის ნაჭერი
- ბევრი ყინული
- სურვილისამებრ: 1 ჩაის კოვზი თაფლის სიროფი
მომზადების წესი:
- მაღალ ჭიქაში ჩაყარეთ ბევრი ყინული, დაასხით ცივი ტონიკი და დაამატეთ
ლაიმის ან ლიმონის წვენი. სურვილისამებრ შეურიეთ თაფლის ან შაქრის
სიროფიც. - მომზადებული მატჩა ზემოდან ძალიან ნელა მოასხით, რათა სასმელმა ლამაზი
მწვანე ფერი შეინარჩუნოს. გააფორმეთ ლაიმის ან ლიმონის ნაჭრებით და
დალევამდე მსუბუქად მოურიეთ.
ცილოვანი მატჩა ლატე
ინგრედიენტები — 1 პორცია:
- 40 მლ თბილ წყალში გახსნილი მატჩა
- 200–250 მლ ცივი რძე
- ½–1 პორცია ვანილის პროტეინის ფხვნილი
- ყინული
- სურვილისამებრ: ვანილის ექსტრაქტი ან დამატკბობელი
რძის შერჩევისას შეგიძლიათ გამოიყენოთ:
- ჩვეულებრივი რძე — მეტი ცილისთვის;
- უშაქრო ნუშის რძე — ნაკლები კალორიისთვის;
- სოიოს რძე — მცენარეული და შედარებით ცილოვანი
ვარიანტისთვის.
მომზადების წესი:
- ბლენდერში ჩაასხით ცივი რძე, დაამატეთ პროტეინის ფხვნილი და
სურვილისამებრ ვანილის ექსტრაქტი ან დამატკბობელი. დააბლენდერეთ
ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. - ჭიქაში ჩაყარეთ ყინული, ჩაასხით პროტეინიანი რძე და ზემოდან ნელა
მოასხით მომზადებული მატჩა. დალევამდე კარგად მოურიეთ.
ეს სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ ვარჯიშის შემდეგ და ორგანიზმს საჭირო
პროტეინები მიაწოდოთ.
მატჩას ფხვნილი ონლაინ მაღაზია „ჩემს მარაგში“
ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ გთავაზობთ მატჩას ფხვნილს ხელსაყრელ ფასად.
აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი სხვადასხვა
კატეგორიიდან, მათ შორის თხილეული, ჩირი, ბურღულეული, მარცვლეული,
ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა და სხვა.
შეკვეთას ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგართმევთ.