ბლოგი - ჩემი მარაგი

შავი ქლიავის ჩირი – შეუცვლელი პროდუქტი ყოველდღიური რაციონისთვის

შავი ქლიავის ჩირი ბუნებრივად ტკბილი და სასარგებლო პროდუქტია, რომლის ყოველდღიური მიღება (2-3 ცალი) აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აძლიერებს ორგანიზმს. ქლიავი, როგორც ხილი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, თუმცა, ჩირის შემთხვევაში, მას უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვს და კულინარიაშიც მრავალფეროვნად შეიძლება გამოყენება.

ერთი ქლიავის ჩირი დაახლოებით 20 კალორიას შეიცავს და  მდიდარია უჯრედისით, ვიტამინ K-თი, სპილენძით, კალიუმითა და მაგნიუმით.

რატომ არის შავი ქლიავის ჩირი სასარგებლო ჯანმრთელობისთვის?

1️. აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას – ქლიავის ჩირში არსებული უჯრედისი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აწესრიგებს ნაწლავების მუშაობას და ხელს უშლის შეკრულობას.

  1. აძლიერებს ძვლოვან სისტემას – კვლევების მიხედვით, ყოველდღიურად 5-6 ქლიავის ჩირის მიღება ხელს უწყობს ძვლოვანი მასის შენარჩუნებას, აძლიერებს მათ სტრუქტურასა და სიმტკიცეს.
  2. აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას – ქლიავის ჩირი კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით არეგულირებს არტერიულ წნევას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ასევე, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და ანთებით პროცესებს.
  3. აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას – ჯანმრთელი სისხლის მიმოქცევა ტვინზეც დადებითად აისახება. ქლიავის ჩირის პოლიფენოლებით მდიდარი შემადგენლობა ეხმარება ანთებითი პროცესების შემცირებას და უჯრედების დაცვას, რაც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ალცჰაიმერის პრევენციას.
  4. ხელს უწყობს წონის კორექციას – მიუხედავად იმისა, რომ ქლიავის ჩირი ტკბილია, ის არ იწვევს წონაში სწრაფ მატებას და სისხლში შაქრის მკვეთრ ცვლილებებს. მისი სიტკბო სორბიტოლით არის განპირობებული – ეს რთული ნახშირწყალია, რომელიც ნელა მეტაბოლიზდება და აძლევს ენერგიას ორგანიზმს ზედმეტი დატვირთვის გარეშე.

 

შავი ქლიავის ჩირი კულინარიაში

ქლიავის ჩირს რბილი, ოდნავ წებოვანი ტექსტურა და ტკბილ-მჟავე, ინტენსიური არომატი აქვს, რომელიც გამოირჩევა ღრმა კარამელიზებული ტონებით. ამ დამახასიათებელი ტექსტურისა და გემოს გამო, ქლიავის ჩირს გამოიყენებენ როგორც ტკბილ, ასევე მარილიან რეცეპტებში. შავი ქლიავის ჩირი, როგორც ინგრედიენტი, წარმოდგენილია შემდეგ კერძებში:

სალათებში – უხდება თხილეულს, რუკოლას, ყველს.

ხორციან კერძებში – კარგად ეხამება ღორის, საქონლისა და ფრინველის ხორცს, განსაკუთრებით ტრადიციულ ქართულ და აღმოსავლურ რეცეპტებში.

დესერტებში – გამოიყენება ნამცხვრებში, მურაბებში, სმუზებსა და საუზმეში.

რეცეპტი: ქათმის ფილე შავი ქლიავის ჩირითა და ნიგვზით

შავი ქლიავის ჩირისგან უგემრიელესი, ჯანსაღი და დაბალკალორიული მთავარი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ, მაგალითად, ქათმის ფილე ქლიავის ჩირითა და ნიგვზით. ცილებით, სასარგებლო ცხიმებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ეს კერძი მზადდება 40 წუთში და განკუთვნილია 2 პორციაზე.

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე – 2 ცალი
  • შავი ქლიავი – 10 ცალი
  • ნიგოზი – 50 გ
  • ზეითუნის ზეთი – 1 ს. კ.
  • ნიორი – 2 კბილი
  • ხახვი – 1 პატარა თავი
  • ბუნებრივი იოგურტი ან არაჟანი (10%) – 2 ს. კ.
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით
  • ხმელი როზმარინი ან ორეგანო – 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი – 1 ს. კ.

 

მომზადების წესი:

  1. ქლიავის ჩირი თბილ წყალში 5 წუთით დაალბეთ, შემდეგ გაწურეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. ამავდროულად, ქათმის ფილე სიგრძეზე გაჭერით და წაუსვით მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი.
  3. მოამზადეთ შიგთავსი: დაბლენდერებულ ნიგოზს დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, შავი ქლიავის ჩირი და ცოტა მარილი. დაამატეთ 1 ს. კ. იოგურტი ან არაჟანი, კარგად აურიეთ.
  4. მომზადებული შიგთავსით ქათმის ფილე ამოავსეთ და ფრთხილად დააფიქსირეთ კბილის ჩხირებით ან სამზარეულოს ძაფით.
  5. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე.
  6. შემდეგ ჩააწყვეთ ქათმის ფილე და თითოეულ მხარეს 2-3 წუთი დაბრაწეთ.
  7. გადაიტანეთ ფორმაში, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180°C-ზე 20 წუთის განმავლობაში.
  8. გამოცხობის შემდეგ მოაცილეთ კბილის ჩხირები, ზემოდან მოასხით დარჩენილი იოგურტი და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.
  9. მიირთვით ახალ მწვანილთან ან კინოას გარნირთან ერთად.

 

შავი ქლიავის ჩირზე საუბრისას, აუცილებელია იმის შეხსენება, რომ ამ ჩირეულის ჯადოსნური თვისებები მაშინ არის აქტიური, თუ მას ყოველდღიურად მიირთმევთ. უკურკო შავი ქლიავის ჩირის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“, სადაც ამ და სხვა პროდუქტებზე განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს. სხვადასხვა კატეგორიის 500-მდე დასახელების საკვებ პროდუქტს, ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.