ბლოგი - ჩემი მარაგი

5 ქართული რეცეპტი შემოდგომის სეზონისთვის

შემოდგომა საქართველოში უხვ მოსავალთან ასოცირდება. სეზონური ინგრედიენტებისა და ქართული ტრადიციების გაერთიანებით კი შეგიძლიათ უგემრიელესი კერძები მოამზადოთ, რომლებიც საშემოდგომო სუფრას დაამშვენებს.

გოგრა ჩირითა და თხილეულით

გოგრა შემოდგომის სიმბოლოა. ეს უგემრიელესი ბოსტნეული, რომელიც ხშირად მხოლოდ მოხარშული სახით ხვდება სუფრაზე, სინამდვილეში უამრავი კულინარიული ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა. მაგალითად, თხილეულითა და ჩირით მომზადებული შემწვარი გოგრა არა მხოლოდ გემრიელი კერძია, არამედ იმუნიტეტის გამაძლიერებელ ბუნებრივ საშუალებასაც წარმოადგენს – რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სეზონური ცვლილებების დროს.

გოგრის ნაზი და ოდნავ ტკბილი გემო ჰარმონიულად ერწყმის ჩირისა და თხილის საოცარ არომატს და ვიტამინებით მდიდარ კერძს ქმნის.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი საშუალო ზომის გოგრა
  • 100 გრამი ქლიავის ჩირი
  • 50 გრამი გარგარის ჩირი
  • 70 გრამი ნიგოზი
  • 30 გრამი შაქარი
  • 30 გრამი კარაქი
  • 1 ან 2 მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესი:

გოგრა გაჭერით ორ ნაწილად, გამოასუფთავეთ თესლებისა და რბილობისგან.

ამის პარალელურად, ნიგოზი და ჩირეული წვრილად დაჭერით, შეურიეთ შაქარი და კარგად აურიეთ.

გასუფთავებული გოგრა მიღებული მასით ამოავსეთ. მეტი არომატისთვის, ზემოდან კარაქის კუბი დაადეთ.

გოგრა ღუმელში შედგით და აცხვეთ 45-50 წუთის განმავლობაში, 160°C ტემპერატურაზე.

მზა კერძს შეგიძლიათ მოაყაროთ 1-2 მწიკვი დარიჩინი.

 

გოგრის ფხალი

გოგრა ქართულ სამზარეულოში მრავალფეროვანი გამოყენებით გამოირჩევა. მოხარშული გოგრის გარდა, რომელიც ხშირად არის ქართულ სუფრაზე, არსებობს მისი მომზადების უამრავი საინტერესო მეთოდი. შემწვარი თუ გამომცხვარი გოგრა, გოგრის გუფთა და გოგრის ფხალი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კერძებისა, რომლებიც ამ საოცარი ბოსტნეულისგან მზადდება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გოგრის ფხალი – კერძი, რომელშიც სიმჟავის, სიცხარისა და სიტკბოს გემოები უნიკალურ გემოვნურ მახასიათებლებს ქმნის. ეს რეცეპტი, რომელიც ბარბარე ჯორჯაძის კულინარიული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს, გთავაზობთ ძველტრადიციულ გემოებსა და ჯადოსნურ არომატს.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. გოგრა
  • 250-300 გრამი ნიგოზი
  • 50 გრამი ხახვი
  • 100 გრამი შინდის ჩირი (შეგიძლიათ გამოიყენოთ კენკრის მიქსი, რომელიც აერთიანებს შტოშის, ალუბლის, მარწყვისა და მოცვის ჩირეულს)
  • მარილი

მომზადების წესი:

დაიწყეთ გოგრის მომზადებით. გამოასუფთავეთ შიგთავსისგან და გაჭერით ოთხ ნაწილად. მოათავსეთ ნაჭრები ქვაბში და დაიწყეთ მოხარშვა.

მოხარშული გოგრა გააციეთ, მოაშორეთ ქერქი და შიგთავსი დაჭყლიტეთ.

ცალკე დაალბეთ შინდის ჩირი (ან კენკრის მიქსი), რომელსაც დაუმატებთ დაჭრილ ხახვსა და დანაყილ ნიგოზს. კარგად აურიეთ და ჩაამატეთ გოგრაში.

მიღებული მასა გადაიტანეთ ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და კარგად მოშუშეთ.

 

ლობიო გარგარის ჩირითა და ნუშით

შემოდგომის ცივი დღეებისთვის კიდევ ერთი დამახასიათებელი ქართული კერძი ლობიოა. მისი მომზადების ტრადიციულ ვერსიებთან ერთად არსებობს ახლებური ვარიანტიც: თუ ლობიოს დაუმატებთ გარგარის ჩირს, სტაფილოსა და თხილს, ვიტამინებით მდიდარ კერძს მიიღებთ.

ამ კერძის მომზადება არც ისე რთულია და არც დიდ დროს მოითხოვს. შედეგი კი ნამდვილად შთამბეჭდავია. არომატული და გემრიელი კერძი შემოდგომის სუფრას დაამშვენებს და სხვების მოწონებასაც დაიმსახურებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ქილა ლობიო (სასურველია მინდვრის წითელი) გადაწურული და გარეცხილი
  • 1/2 ჭიქა გარგარის ჩირი
  • 1/4 ჭიქა მოხალული ნუში (ან ნიგოზი)
  • 1 დიდი სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი
  • 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1/4 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 2 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი (ან წყალი)
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ახალი ოხრახუში მოსართავად

მომზადების წესი:

საშუალო ცეცხლზე შედგმულ ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. მოშუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

შეურიეთ წვრილად დაკეპილი ნიორი, დაფქული ძირა, პაპრიკა და დარიჩინი. გააგრძელეთ შეწვა კიდევ ერთი წუთის განმავლობაში.

ქვაბში გადაიტანეთ ლობიო, დაჭრილი გარგარის ჩირი და ბოსტნეულის ბულიონი. აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.

მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, შემდეგ აურიეთ მოხალული ნუში.

მოაყარეთ ახალი ოხრახუში. შეგიძლიათ მიირთვათ მჭადთან ერთად.

 

გამომცხვარი კომში ნიგვზითა და თაფლით

შემოდგომის სუსხიან საღამოებს განსაკუთრებულ ელფერს გემრიელი და არომატული კომში სძენს, რომელიც თხილეულითა და თაფლით არის შეზავებული. ამ სამი ინგრედიენტის კომბინაცია მომზადების პროცესშივე აღძრავს შემოდგომისეულ სურნელსა და განწყობას. უჯრედისითა და C ვიტამინით მდიდარი კომში, ანტიბაქტერიული თვისებების მქონე თაფლი და ცხიმოვანი მჟავებისა და ცილების უმდიდრესი წყარო ნიგოზი იმუნიტეტისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. თავად კერძი კი საოცარი არომატითა და საუცხოო გემოებით გამოირჩევა.

ინგრედიენტები:

  • 4-6 ცალი საშუალო ზომის კომში
  • 100 გრამი კაკალი
  • 2-3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1-2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1/4 ჩაის კოვზი ვანილი ან 1 პაკეტი ვანილის შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა
  • 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 100-150 მლ ფორთოხლის წვენი
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • კარამელი ან ათქვეფილი ნაღები (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

კომში გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გული.

მოამზადეთ შიგთავსი: ნიგოზსა და კარაქს შეურიეთ თაფლი, შაქარი, ვანილი, გახეხილი კოჭა და დარიჩინი.

მიღებული ნარევი მოათავსეთ გულამოცლილ კომშში.

კომშს მოასხით ფორთოხლის წვენი და მოაყარეთ ფორთოხლის ცედრა.

გამოაცხვეთ 180-200°C-ზე, 30-40 წუთის განმავლობაში.

მზა კერძს, სურვილისამებრ, მოასხით კარამელი ან ათქვეფილი ნაღები.

 

ვაშლის დესერტი შვრიითა და თხილით

შემოდგომის კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული ხილი ვაშლია, რომელიც ნაზი და მსუბუქი დესერტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამ შემთხვევაში, ვაშლი იდეალურია შვრიასა და თხილთან ერთად. ვიტამინებით, ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ეს გემრიელი დესერტი საოცრად ერგება შემოდგომის მშვიდ, საოჯახო საღამოებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი
  • ½ ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 1 ჭიქა შვრია
  • 1 კოვზი ნუშის ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 1-2 სუფრის კოვზი დამატკბობელი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი თხილის მიქსი (ნუში, ნიგოზი, ფისტა)
  • ¼ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • ½ ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

ნახევარი ვაშლი დაჭერით პატარა კუბიკებად. დაამატეთ ლიმონის წვენი, რათა ვაშლმა ფერი არ დაკარგოს. მოაყარეთ დარიჩინი და სიმინდის სახამებელი. მოასხით დამატკბობელი.

ცალკე ჯამში აურიეთ შვრია და ნუშის ფქვილი, მარილი, დარიჩინი, დამატკბობელი, ცოტა ზეთი და გადაურიეთ ვაშლის მასაში. მოაყარეთ თხილის მიქსი.

აცხვეთ 15 წუთი თავდახურულ მდგომარეობაში, 10 წუთი კი – ისე.

 

საშემოდგომო კერძების მომზადებაში ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ დაგეხმარებათ. რჩეული ხარისხის 250-მდე დასახელების თხილეული, ჩირეული, მარცვლეული და ბურღულეული უკონკურენტო ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. ხოლო, იმისთვის, რომ შემოდგომის ცივი დღეები სახლიდან გაუსვლელად გაატაროთ, ჩვენი კურიერი სასურველ პროდუქტს, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას, უფასო მიწოდების სერვისი