ჯანსაღი ხემსი – ენერგიის ბუნებრივი წყარო
ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება ინტერესი ჯანსაღი კვების მიმართ. ადამიანები ცდილობენ შეცვალონ მაღალკალორიული, ულტრაგადამუშავებული სნექები ბუნებრივი და სასარგებლო ალტერნატივებით.
ულტრაგადამუშავებული სნექები გამოირჩევა მაღალი კალორიულობით, შაქრის, ტრანსცხიმებისა და ნატრიუმის სიჭარბით, ხოლო სასარგებლო საკვები ნივთიერებების, უჯრედისის, ვიტამინებისა და მინერალების დაბალი შემცველობით. მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ დამუშავებული პროდუქტების ხშირი მოხმარება დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, მეტაბოლური სინდრომის, ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკთან.
კარგი ამბავი ის არის, რომ არსებობს სნექების ჯანსაღი ალტერნატივები თხილეულის, გამომშრალი ხილისა და თესლეულის სახით, რომლებიც ორგანიზმს ენერგიას და საკვები ნივთიერებების ჯანსაღ წყაროს აწვდიან.
ახალი ან გამომშრალი (ჩირი) ხილი ბუნებრივად ტკბილია, თუმცა შაქარი მასში უჯრედისთან, ვიტამინებთან და ანტიოქსიდანტებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ჩირეულისა და ხილის მიღებით, გლუკოზა ნელა შეიწოვება და ადამიანი თავს ენერგიულად უფრო დიდხანს გრძნობს.
განსაკუთრებით ჩირეული გამოირჩევა უჯრედისის მაღალი შემცველობით, რაც ხელს უწყობს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას. ამასთან, ჩირი შეიცავს მნიშვნელოვან მიკრონუტრიენტებს: მაგალითად, გარგარის ჩირი მდიდარია რკინითა და კალიუმით, ვაშლის ჩირი – უჯრედისით და ანტიოქსიდანტური ნაერთებით. შესაბამისად, ხილი და ჩირი მხოლოდ ტკბილი ალტერნატივა არ არის, ისინი ორგანიზმს დამატებით ვიტამინებსა და მინერალებსაც აწვდიან.
თხილეული და თესლეული კიდევ ერთი ჯანსაღი სნექის ვარიანტია. ისინი შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, მცენარეულ ცილას და უჯრედისს. მათში შაქრის შემცველობა მინიმალურია, რის გამოც ენერგიის დონე უფრო სტაბილურად ნარჩუნდება და ტკბილზე მოთხოვნილებაც ნაკლებია.
ცხიმისა და უჯრედისის კომბინაცია ხელს უწყობს ხანგრძლივ დანაყრებას, რაც ამცირებს მოულოდნელი შიმშილისა და ზედმეტი კალორიების მიღების რისკს. ამავე დროს, თხილეული და თესლეული მდიდარია მიკრონუტრიენტებით: ნუში შეიცავს მაგნიუმს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების ფუნქციონირებასა და აღდგენაში; კაკალი წარმოადგენს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყაროს; გოგრის თესლი მდიდარია თუთიით; სელის თესლი შეიცავს ბოჭკოსა და ფიტოესტროგენებს; ჩიას თესლი კი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით გამოირჩევა.
ხილი, ჩირი, თხილეული და თესლეული შეგიძლიათ მიირთვათ სნექად ან დაამატოთ სალათებს, იოგურტს, ფაფებსა და სხვა კერძებს. მნიშვნელოვანია პორციის კონტროლი, რადგან ისინი კალორიული პროდუქტებია. ზომიერი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ისინი ქმნიან ჯანსაღ, კვებითი ღირებულებით მდიდარ სნექს, რომელსაც მარტივად ჩართავთ დღის რაციონში.
თხილეულის, ჩირეულის და თესლეულის მრავალფეროვანი არჩევანი ხელმისაწვდომია ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“. მრავალფეროვანი ასორტიმენტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეარჩიოს სასურველი პროდუქცია საკუთარი კვებითი საჭიროებებისა და სურვილის მიხედვით. მიწოდების სერვისი კი უფასოა საქართველოს ნებისმიერ წერტილში.