როგორ მოვამზადოთ მატჩა – 5 რეცეპტი მატჩას მოყვარულებისთვის

ბოლო პერიოდში მატჩას ჩაი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. იაპონური მწვანე ჩაი განსაკუთრებული არომატითა და ფერით იქცევს ყურადღებას. თუმცა მას მხოლოდ გემო არ გამოარჩევს – მატჩა ცნობილია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სასარგებლო თვისებებით და მომზადების უნიკალური მეთოდით.
ტრადიციული მწვანე ჩაისგან განსხვავებით, მატჩასთვის განკუთვნილი ჩაის ფოთლები მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად, ჩრდილში იზრდება. ეს ზრდის ქლოროფილისა და ანტიოქსიდანტების შემცველობას, რის შედეგად ფოთლები უფრო ინტენსიური ფერის ხდება. მოსავლის აღების შემდეგ ფოთლებს ახმობენ, წმენდენ და ფხვნილად ფქვავენ. სწორედ, ამ ფხვნილისგან მზადდება მატჩას ჩაი, რომელიც ინარჩუნებს ჩაის ფოთლებში არსებულ ყველა სასარგებლო ნივთიერებას.
ისტორიულად, იაპონიაში, ბუდისტი ბერები მატჩას მე-12 საუკუნიდან მედიტაციისთვის იყენებდნენ. მასში შემავალი ბუნებრივი კოფეინი და L-თეანინი ხელს უწყობს კონცენტრაციის გაუმჯობესებას და შინაგან სიმშვიდეს. გარდა იმისა, რომ მატჩა ენერგიას მატებს, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, აბალანსებს ქოლესტერინის დონეს, ქლოროფილის მაღალი შემცველობის გამო კი ორგანიზმს ბუნებრივ დეტოქსშიც ეხმარება.
როგორ მზადდება მატჩას ჩაი?
მატჩას მომზადებას თავისი ტრადიცია და ესთეტიკა აქვს – დაწყებული იაპონური ჩაის ცერემონიიდან, დამთავრებული თანამედროვე ლატეებითა და სმუზებით.
ტრადიციული მატჩა მხოლოდ ორი ინგრედიენტით მზადდება: მატჩას ფხვნილი და ცხელი წყალი (არა მდუღარე). მის მოსამზადებლად ტრადიციულად იყენებენ სპეციალურ ბამბუკის სათქვეფს – ჩასენს, რომელიც ფხვნილს წყალთან აერთიანებს და ნაზ, ქაფიან ტექსტურას წარმოქმნის. ამ პროცესს სიმშვიდის შეგრძნება ახლავს თან, სწორედ ამიტომ გამოიყენება ბუდისტური მედიტაციების დროსაც.
დღესდღეობით, მატჩას ჩაი გაცილებით მრავალფეროვანი ფორმით მიიღება. განსაკუთრებით პოპულარული ვარიანტია მატჩას ლატე, სადაც მას რძე და ხშირ შემთხვევაში ბუნებრივი ტკბილეული (მაგალითად, თაფლი) ემატება. ლატე შეიძლება იყოს როგორც ცხელი, ასევე ცივი – ყინულებით.
მატჩას ფხვნილს იყენებენ სმუზებში, ცივ ჩაისა და გამაგრილებელ სასმელებში, ყავასთან კომბინაციაში თუ ჩიასთან ერთად.
რეცეპტები მატჩას ფხვნილით
- ტრადიციული მატჩას ჩაი
ინგრედიენტები:
- 1-2 ჩ/კ მატჩას ფხვნილი
- 60-70 მლ. ცხელი წყალი (არა მდუღარე)
- თაფლი ან შაქარი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
- გააცხელეთ წყალი, არ აადუღოთ, რადგან მდუღარე წყალში მატჩა იწვება, ხდება მწარე და კარგავს თავის ძვირფას თვისებებს.
- ჩაყარეთ მატჩას ფხვნილი პატარა ჯაშმი, დაასხით რამდენიმე წვეთი წყალი და ბამბუკის სათქვეფით ზიგზაგიზებურად აურიეთ.
- როგორც კი ქაფი წარმოიქმნება, დაუმატეთ დანარჩენი ცხელი წყალი და კვლავ კარგად აურიეთ. ოდნავ ტკბილი გემოსთვის შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი ან შაქარი.
- მატჩას და ჩიას ლატე
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. მატჩას ფხვნილი
- 2 ს.კ. ჩიას მარცვალი
- 200 მლ რძე (ნუშის, ქოქოსის ან ჩვეულებრივი)
- 2 ს.კ. თბილი წყალი
- 1 ჩ.კ. თაფლი ან ვანილის სიროფი
- ყინულის კუბიკები
მომზადების წესი:
- დაასხით ჩიას მარცვლებს რძე და გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 20-30 წუთით (ან მთელი ღამე). ჩია უნდა აფუვდეს.
- გახსენით მატჩას ფხვნილი თბილ წყალში, აურიეთ კარგად. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი ან ვანილის სიროფი
- ჩაასხით მინის ჭიქაში აფუებული ჩიათი მომზადებული რძე. ჩაამატეთ ყინული და ზემოდან ფრთხილად მოასხით მატჩა.
- უნდა მიიღოთ ლამაზ ფენებიანი სასმელი. შეგიძლიათ გააფორმოთ პიტნის ფოთლებით.
- მატჩას ცივი ყავა
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. მატჩას ფხვნილი
- 2 ს/კ. თბილი წყალი
- ½ ჭიქა ცივი რძე
- ცივი ესპრესო ან ძლიერი შავი ყავა
- ყინულის კუბიკები
- სურვილისამებრ: ცოტაოდენი თაფლი ან ვანილის სიროფი
მომზადების წესი:
- გახსენით მატჩას ფხვნილი თბილ წყალში და აურიეთ კარგად.
- ჩაყარეთ ყინული ცალკე ჭიქაში და დაასხით რძე.
- ნელა დაასხით ზემოდან მატჩას ფენა.
- ასევე ნელა მოასხით ყავა. გამოდის ძალიან ლამაზი ფენები: რძე → მატჩა → ყავა.
- მატჩას და ბანანის სმუზი
ინგრედიენტები:
- 1 ბანანი
- 1 ჩ/კ. მატჩას ფხვნილი
- ½ ჭიქა რძე
- ყინულის კუბიკები
- სურვილისამებრ: თაფლი
მომზადების წესი:
აურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში. უნდა მიიღოთ შედარებით სქელი და ნოყიერი დესერტ-სასმელი, რომელიც ძალიან გემრიელია და ორგანიზმს ენერგიით ავსებს.
- მატჩას და ლიმონის ცივი ჩაი
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ მატჩა
- 1 ცალი ლიმონის წვენი
- ცივი წყალი (დაახლოებით 300 მლ)
- თაფლი
- ყინულის კუბიკები
მომზადების წესი:
გახსენით თბილ წყალში მატჩას ფხვნილი. დაამატეთ ლიმონის წვენი, წყალი და თაფლი. გადაიტანეთ ჭიქაში და დაამატეთ ყინულის კუბები. გამოდის ცივი, გემრიელი სასმელი, რომელიც იდეალურია ზაფხულის სიცხეში.
მატჩას ფხვნილის შეძენა ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ არის შესაძლებელი. სასარგებლო და განსაკუთრებული გემოს მქონე ამ პროდუქტს ჩვენი კურიერი, უფასო მიტანის სერვისით, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას მოგართმევთ.