ბლოგი - ჩემი მარაგი

თაფლის ნარევი ძლიერი იმუნიტეტისთვის

იმუნიტეტზე ზრუნვა ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აუცილებელი ხდება. სეზონის ცვლილებასთან ერთად,  ადამიანის ორგანიზმი ნაკლებ მზის სინათლეს, შესაბამისად, ნაკლებ D ვიტამინს იღებს, იზრდება ვირუსების გავრცელების რისკიც. ძლიერი იმუნიტეტი საჭიროა იმისთვის, რომ ორგანიზმმა სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოდ დაამარცხოს ვირუსები.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად ოთხი ძირითადი მეთოდი არსებობს: დაბალანსებული კვება, ხარისხიანი ძილი, ემოციური ბალანსი და ფიზიკური აქტივობა. კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია, რადგან სწორად შერჩეული საკვები საჭირო „სამუშაო მასალით“ ამარაგებს იმუნიტეტს. იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ სრულფასოვნად იმუშაოს, ორგანიზმს ესაჭიროება A, C, D და E ვიტამინები, თუთია, სელენი, ჯანსაღი ცხიმები და პრობიოტიკები.

წვნიანი კერძების რეცეპტები  იმუნიტეტის გასაძლიერებლად გასულ ბლოგში უკვე გაგაცანით, მიმდინარე ბლოგში გთავაზობთ თაფლის ნარევის 5 სხვადასხვა რეცეპტს, რომელიც ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

 

სუპერმკურნალი – თხილეულის, ჩირეულისა და თაფლის ნარევი

ეს ნარევი მზადდება თხილეულით, ჩირეულითა და თაფლით. ბევრ კულტურაში ეს რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც ყოველდღიური საშუალება ენერგიისა და ტონუსის შესანარჩუნებლად.

 

ინგრედიენტები:

  • 50 გ ნიგოზი
  • 50 გ ნუში
  • 50 გ ქლიავის ჩირი
  • 50 გ გარგარის ჩირი
  • 50 გ ქიშმიში
  • 1 ცალი ლიმონი
  • 50–70 მლ თაფლი
  • მცირე რაოდენობით სოდა (ლიმონის გასაწმენდად)

 

მომზადების წესი:

  • ნიგოზი და ნუში დაალბეთ სუფთა წყალში 4-6 საათით. გადაწურეთ და კარგად გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
  • ქიშმიში, ქლიავისა და გარგარის ჩირები კარგად გარეცხეთ და ასევე ქაღალდის ხელსახოცზე გააშრეთ.
  • ლიმონს მოაყარეთ ცოტა სოდა და შემდეგ წყალი კარგად გადაავლეთ. დაჭერით ნაჭრებად ისე, რომ კანი არ მოაცილოთ.
  • ჩირეული და თხილეული ჩაყარეთ ბლენდერში ან საკვებ პროცესორში.
  • დაამატეთ დაჭრილი ლიმონი.
  • დაფქვით იქამდე, სანამ ერთიან დამუშავებულ მასას არ მიიღებთ და გადაიტანეთ სუფთა ჯამში.
  • დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ, სანამ მთლიან მასას არ მიიღებთ.
  • გადაიტანეთ ჰერმეტულად დახურულ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. არ გამოიყენოთ მეტალის კონტეინერი.

საუკეთესო შედეგისთვის, დღის განმავლობაში, უზმოზე მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ეს ნაყენი და მიაყოლეთ 1 ჭიქა წყალი.

 

თაფლისა და ნივრის ენერგობომბი

ეს მარტივი, ორინგრედიენტიანი ნარევი გაციების სეზონზე ნამდვილ სასწაულებს ახდენს. ნიორი ძლიერი ბუნებრივი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული საშუალებაა, ხოლო ცაცხვის ან წაბლის თაფლი ფერმენტების და მინერალების საბადოა. ორივე ინგრედიენტი ერთად აძლიერებს ორგანიზმის დაცვით უნარს, ამსუბუქებს გაციებას, ამცირებს ანთებას და ეხმარება სხეულს სწრაფად გამოჯანმრთელებაში.

 

ინგრედიენტები:

  • ნიორი
  • თაფლი

 

მომზადების წესი

  • ნიორი დასრისეთ და გადაიტანეთ ქილაში.
  • დაასხით თაფლი ისე, რომ ნიორი მთლიანად დაიფაროს.
  • მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ქილას და დადგით ცივ, ბნელ ადგილას.
  • ყოველდღე, 30 დღის განმავლობაში, ოდნავ მოხსენით ქილის თავი, რომ ნაყენმა გამოუშვას დაგროვილი აირები.
  • ერთი თვის შემდეგ უკვე მზად არის, შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი ყოველდღიურად მიირთვათ.

 

გაციების ნატურალური მკურნალი

ეს ნაყენი ცნობილია ანტიანთებითი თვისებებით, რომელიც ეხმარება ძვლების, სახსრებისა და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და უფრო ეფექტურს ხდის მას.

 

ინგრედიენტები

  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ნიორი
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ახალი კურკუმა
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ახალი ჯანჯაფილი
  • 1 ჭიქა წაბლის თაფლი
  • 1 ჩ/კ შავი პილპილი

 

მომზადების წესი:

ძალიან წვრილად დაჭერით ნიორი, კურკუმა და ჯანჯაფილი.

  1. ჩაყარეთ დაჭრილი ინგრედიენტები და შავი პილპილი 450 მლ-იან ქილაში.
  2. დაუმატეთ იმდენი თაფლი, რომ ქილაში არსებული ინგრედიენტები მთლიანად გადაფაროს.
  3. კარგად მოურიეთ, დაახურეთ თავსახური და დადგით ცივ, ბნელ ადგილას.
  4. ქილა ყოველდღიურად ოდნავ გახსენით, რომ დაგროვილი აირები გამოვიდეს და ამით ფერმენტაციას შეუწყოთ ხელი.
  5. ნაყენი ფერმენტაციისთვის დატოვეთ 30 დღე. შემდეგ კი შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ დღის განმავლობაში მინიმუმ 1 სუფრის კოვზი.

 

თხილეულისა და თაფლის ელექსირი 

ეს ელექსირი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, მცენარეული ფერმენტებითა და ჯანმრთელი ცხიმებით. სქელი, პასტას მსგავსი ნაყენისთვის ძირითად ინგრედიენტად თხილეული გამოიყენება. ის ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ენერგიის აღდგენას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და ორგანიზმს სასარგებლო ცხიმებით უზრუნველყოფს. ნარევი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე ან სნექის სახით.

 

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 2 ჭიქა შერეული თხილეული (ნუში, ნიგოზი, პეკანი და სხვა)
  • 1/2 ჭიქა გოგრის გული
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1/2 ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი ან კურკუმა (სურვილისამებრ)
  • 1 ლიმონის ცედრა (სურვილისამებრ)

 

მომზადება:

  • თხილეული გოგრის გული უხეშად დაკეპეთ ან ოდნავ დააბლენდერეთ სასურველი ტექსტურის მისაღებად.
  • საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ დაკეპილი თხილეული, თაფლი, დარიჩინი, ჯანჯაფილი/კურკუმა და ლიმონის ცედრა.
  • აურიეთ მანამ, სანამ ყველა ინგრედიენტი თანაბრად დაიფარება თაფლით.
  • გადმოიტანეთ ნარევი სუფთა, ჰერმეტულად დახურავ მინის ქილაში.
  • ქილა დახურეთ და შეინახეთ ცივ, ბნელ ადგილზე მინიმუმ 24 საათით, რომ არომატები კარგად გაჯდეს.
  • მაცივარში შენახვა შესაძლებელია რამდენიმე კვირის განმავლობაში.
  • იმუნიტეტის გასაძლიერებად შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღიურად 1 სუფრის კოვზი ან დაამატოთ ფაფებსა და იოგურტში.

 

 

ლიმონისა და თაფლის  ნარევი

ეს ნარევი განსაკუთრებულად სასარგებლოა იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, გაციების პროფილაქტიკისა და დამამშვიდებელი ეფექტის მისაღებად. ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აფერხებს ვირუსების გავრცელებას. ჯანჯაფილი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ანთების შემცირებას და ტემპერატურის რეგულაციას. წაბლის თაფლი აძლიერებს ნარევის ფერმენტულ აქტივობას, უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ თვისებებს და დამატებით ანიჭებს ნარევს ბუნებრივ სიტკბოს.

 

ინგრედიენტები:

  • ლიმონის ნაჭრები
  • ჯანჯაფილი
  • წაბლის თაფლი

 

მომზადების წესი:

  1. ქილაში ლიმონის ნაჭრები და ჯანჯაფილი ფენებად მოათავსეთ.
  2. ზემოდან დაასხით წაბლის თაფლი ისე, რომ ლიმონი და ჯანჯაფილი მთლიანად დაიფაროს, ხოლო ქილა ბოლომდე შეავსოს.
  3. დახურეთ ქილა თავსახურით და შეინახეთ მაცივარში 4–6 კვირით.
  4. დროის განმავლობაში ნარევი გადაიქცევა მსუბუქ, გელის მსგავს ტექსტურად.
  5. 1-2 სუფრის კოვზი ნარევი შეგიძლიათ ჩაამატოთ ცხელ წყალში და მიირთვათ ჩაის სახით.

 

ხუთივე  ნარევის შემადგენლობაში თაფლი გამოიყენება – ეს არის სუპერ პროდუქტი, რომელიც აძლიერებს ინგრედიენტების სასარგებლო თვისებებს და უზრუნველყოფს ბუნებრივ სიტკბოს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თაფლისგან დამზადებული ნაყენის მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც თაფლზე ალერგია აქვს ან აღენიშნება სანაღვლე გზებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

 

იმუნიტეტის გამაძლიერებელი თაფლის ნაყენი ეხმარება ადამიანის ორგანიზმს გაუმკლავდეს ვირუსებს, მაგრამ  მხოლოდ  მათი მიღება საკმარისი არ არის. როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, სწორ კვებასთან ერთად, აუცილებელია ხარისხიანი ძილი  (7-8 საათი), ემოციური ბალანსი და ფიზიკური აქტივობა, იქნება ეს მსუბუქი ვარჯიში თუ ფეხით სეირნობა.

 

საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგი” 500-ზე მეტის დასახელების რჩეულის ხარისხის პროდუქტს გთავაზობთ უკონკურენტო ფასად. ,,ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში  იპოვით  იმუნიტეტის გასაძლიერებელი ნარევების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს – თაფლს, თხილეულსა და ჩირეულს.  სასურველ პროდუქტებს ჩვენი კურიერი, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას, უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.