ჩიას პუდინგის გემრიელი რეცეპტები
ჩიას თესლი პატარა, მაგრამ საკვები ნივთიერებებით მდიდარი მარცვალია, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა შორის. ჩიას თესლი შეიცავს უჯრედისს, პროტეინს, ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს, რაც მას იდეალურ საკვებად აქცევს როგორც საუზმისთვის, ისე მსუბუქი დესერტისთვის.
ჩიას თესლის უნიკალური თვისებები
ჩიას თესლი ხელს უწყობს სრულყოფილ დანაყრებას, აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციას, ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს (LDL), არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და შესაძლოა ამცირებდეს კალორიების მიღებას ერთ კვებაზე. ამავე დროს, ჩიას თესლი დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ვეგანებისა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, რადგან ჩიას დღიური დოზა (2 სუფრის კოვზი) შეიცავს 4 გრამ პროტეინს.
ბლოგში გაგიზიარებთ ჩიას პუდინგის უგემრიელეს რეცეპტებს, რომლებიც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც საუზმეზე, ასევე დესერტად. კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი ჩიას შესახებ არის ის, რომ მისი მომზადება უმარტივესია.
ჩიას პუდინგის ბაზისური რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა რძე
- 2 ს.კ ჩიას თესლი
- 1/5 ჩ.კ თაფლი
მომზადების წესი:
- ჭიქაში ჩაასხით რძე, ჩაყარეთ ჩიას თესლი და დაუმატეთ თაფლი. კარგად აურიეთ.
- მიღებული მასა გააჩერეთ 5 წუთით ოთახის ტემპერატურაზე (ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია).
- 5 წუთის შემდეგ კიდევ ერთხელ მოურიეთ.
- შემდეგ კი დააფარეთ თავზე და მაცივარში შედგით მინიმუმ 2 საათით.
რატომ არის აუცილებელი, რომ ჩია ოთახის ტემპერატურაზე გააჩეროთ?
როგორც კი ჩიას თესლი იწყებს სითხის შეწოვას და გელის ფორმირებას, ოთახის ტემპერატურაზე ეს პროცესი ბევრად სწრაფად და თანაბრად მიმდინარეობს.
თუ ჩიას 5 წუთით არ გააჩერებთ და პირდაპირ მაცივარში შეინახავთ, გელის წარმოქმნა შენელდება, თესლი გუნდებად შეიკვრება და პუდინგის ტექსტურა არათანაბარი გამოვა. 2 საათის შემდეგ, ჩია სითხეს მთლიანად შეიწოვს და გადაიქცევა გელის მსგავს კრემოვან კონსისტენციად. ჩიას პუდინგი მზად არის და მას შეგიძლიათ დაუმატოთ: ხილი, გრანოლა, თხილეული, თესლეული, თხილის კარაქები, ქოქოსის ფანტელები, შოკოლადი ან დარიჩინი. თუ ცივი ჩიას პუდინგი არ მოგწონთ, შეგიძლიათ შეათბოთ მიკროტალღურ ღუმელში.
თუ პუდინგს დიდი ხნით ამზადებთ, ის შეინახეთ მაცივარში 5 დღის განმავლობაში, ან გაყინულ მდგომარეობაში – რამდენიმე კვირის მანძილზე.
ჩიას პუდინგი თხილეულით და ჩირეულით
ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა რძე
- 2 ს.კ ჩიას თესლი
- 1 ჩ.კ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი
- 1 ს.კ გოგრის გული
- 1 ს.კ დაჭრილი ნიგოზი ან თხილი
- 2–3 ცალი წვრილად დაჭრილი ფინიკი ან ქლიავის ჩირი
- სურვილისამებრ: დარიჩინი ან ვანილი
მომზადების წესი:
- ჩიას პუდინგი მოამზადეთ საბაზისო რეცეპტის მიხედვით და გადმოიტანეთ ჭიქაში.
- დაუმატეთ დაჭრილი თხილეული და ჩირეული.
- სურვილისამებრ, ზემოდან მოაყარეთ დარიჩინი ან ქოქოსის ფანტელი.
ჩიას პუდინგი მანდარინით
ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა რძე
- 2 ს.კ ჩიას თესლი
- 1.5 ჩ.კ თაფლი
- 1/2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი
- 3 ცალი მანდარინი
- 1 ს.კ ბერძნული იოგურტი
მომზადების წესი:
- ჩიას პუდინგი მოამზადეთ საბაზისო რეცეპტის მიხედვით და გადმოიტანეთ ჭიქაში.
- მანდარინებიდან გამოწურეთ წვენი და ჩაასხით ჩიას მასაში. კარგად აურიეთ
- გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კვლავ მოურიეთ, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში ორი საათით.
- როცა ჩია შესქელდება, პუდინგს დაუმატეთ ბერძნული იოგურტი.
- მოაყარეთ მანდარინის ნაჭრები და ქოქოსის ფანტელი.
ჩიას პუდინგი კენკრით
ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა რძე
- 2 ს.კ ჩიას თესლი
- 1.5 ჩ.კ თაფლი
- 1/2 ჭიქა გაყინული კენკრა
მომზადების წესი:
- კენკრა დააბლენდერეთ.
- მიღებული მასა გადაიტანეთ ჭიქაში, დაამატეთ რძე, ჩიას თესლი და თაფლი.
- დააცადეთ 5 წუთი, კვლავ კარგად აურიეთ, რათა ტექსტურა თანაბარი გამოვიდეს.
- დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში.
- როგორც კი პუდინგი გასქელდება, მოაყარეთ ახალი კენკრა და გრანოლა.
ჩიას პუდინგი შოკოლადითა და ბანანით
ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა რძე
- 2 ს.კ ჩიას თესლი
- 1/5 ჩ.კ ნეკერჩხლის სიროფი
- 1 ს.კ კაკაო
- 1/2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი
- 1 ს.კ შოკოლადის ჩიფსები
მომზადების წესი:
- ჩია მოამზადეთ საბაზისო რეცეპტით (როგორც წინა რეცეპტებში).
- ჩიას მასას დაუმატეთ კაკაო, ვანილის ექსტრაქტი და შოკოლადის ჩიფსები.
- კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთით. შემდეგ კვლავ აურიეთ.
- შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით.
- ჩიას პუდინგს მოაყარეთ ბანანის ნაჭრები, დაფშვნილი ნუში და შოკოლადი.
ეს პუდინგი იდეალურია საღამოს მსუბუქ დესერტად ან ლანჩის შემდეგ, როცა ტკბილის გასინჯვა მოგესურვებათ.
საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ და მოიმარაგოთ ჩიას თესლი და თქვენთვის სასურველი სხვა პროდუქტები. აქ დაგხვდებათ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიაში: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა და სხვა. სასურველ შეკვეთას კი ჩვენი კურიერი, საქართველოს მასშტაბით, უფასოდ მოგართმევთ.