ლობიოს სალათის გემრიელი რეცეპტები

ლობიო იდეალური ინგრედიენტია საზაფხულო სალათებისთვის – მსუბუქი და ამავდროულად, ნოყიერი. ის მდიდარია მცენარეული ცილით, რაც ვეგეტარიანელებისთვის შესანიშნავ ალტერნატივას ქმნის. ხორცისგან განსხვავებით, ლობიო ორგანიზმს ზედმეტად არ ამძიმებს და ზაფხულის ცხელ დღეებში მას ენერგიით ავსებს. ამ პროდუქტში არსებული კომპლექსური ნახშირწყლები უზრუნველყოფს ხანგრძლივ ენერგიას, ხოლო უჯრედისი აუმჯობესებს მონელებას. ლობიო ასევე მდიდარია რკინით, მაგნიუმით, ფოლიუმის მჟავითა და კალიუმით – მინერალებით, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცხის დროს. დაბალკალორიული, მრავალფეროვანი და მარტივად მოსამზადებელი ლობიო უხდება თითქმის ყველა პროდუქტს, რაც მას ზაფხულის მენიუში შეუცვლელ ინგრედიენტად აქცევს.
მოამზადეთ ქვემოთ მოცემული რეცეპტების გამოყენებით გემრიელი საზაფხულო სალათები. მთავარი ინგრედიენტი კი ჯანსაღი და შეუცვლელი ლობიოა.
შავფხაჭას და სიმინდის სალათა
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა მოხარშული ლობიო
- 1 ჭიქა სიმინდის კონსერვი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა, კუბებად დაჭრილი
- 1 ავოკადო, კუბებად დაჭრილი
- 2 ს/კ ახალი ქინძის ფოთოლი, წვრილად დაჭრილი
- 1 ს/კ ლაიმის წვენი (შეიძლება ლიმონით ჩაანაცვლო)
- 2 ს/კ ზეთისხილის ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 2 ს/კ მოხალული გოგრის თესლი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
მოხარშეთ ლობიო: გარეცხეთ შავფხაჭა და გააჩერეთ მთელი ღამით ცივ წყალში. წყალი შეცვალეთ და დაასხით სუფთა ცივი წყალი ისე, რომ 3-4 სმ-ით ფარავდეს ლობიოს ზედაპირს. მიიყვანეთ ადუღებამდე, შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ საათი-საათ-ნახევარი. მარილი დაუმატეთ მხოლოდ ბოლო 10 წუთში. გადაწურეთ და გააციეთ ცივ წყალში.
ააწყვეთ სალათა: დიდ ჯამში აურიეთ მოხარშული შავფხაჭა, სიმინდი, ბულგარული წიწაკა, ავოკადო და ქინძი.
ცალკე პატარა ჭიქაში აურიეთ ლაიმის წვენი, ზეთისხილის ზეთი, მარილი და პილპილი.
მოასხით სოუსი სალათას და აურიეთ ფრთხილად. შეგიძლიათ მოაყაროთ მოხალული გოგრის თესლი. მიირთვით გემრიელად!
ლაპატას და ნუშის სალათა ლიმონის სოუსით
ინგრედიენტები:
- 2,5–3 ჭიქა მოხარშული ლობიო ლაპატა
- ½ წითელი ხახვი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი
- 2 ს/კ დაჭრილი ნუში, მოხალული
- 1 ლიმონის კანი და წვენი
- 2 ს/კ ზეთისხილის ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ახალი მწვანილი: ოხრახუში, კამა, რეჰანი (გემოვნებით)
მომზადების წესი:
მოხარშეთ ლაპატა: ჯერ გარეცხეთ კარგად, შემდეგ კი გააჩერეთ ცივ წყალში მთელი ღამით. შეცვალეთ წყალი და ხარშეთ 45-55 წუთი. მარცვლები არ უნდა დაიშალოს. დაამატეთ მარილი ხარშვისას, ბოლო 10 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააციეთ.
ააწყვეთ სალათა. დიდ ჯამში გადაიტანეთ: ლაპატა, თხლად დაჭრილი ხახვი და მოხალული ნუში.
სოუსისთვის კი ერთმანეთში აურიეთ შემდეგი ინგრედიენტები: ლიმონის წვენი, ლიმონის კანი, ზეთისხილის ზეთი, მარილი და პილპილი.
მოასხით სოუსი სალათს, მოაყარეთ ახალი მწვანილი, აურიეთ და გემრიელად მიირთვით.
ლობიოს სალათა ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 400 გრამი ლობიო დედოფალა, მოხარშული და გაციებული
- 1 ცალი წითელი ხახვი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი
- 3-4 კბილი ნიორი
- 150 გ ნიგოზი
- 1 კონა ქინძი
- 1 ს/კ ძმარი ან ლიმონის წვენი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
მოხარშეთ ლობიო დედოფალა. წინასწარ გააჩერეთ ცივ წყალში 6-8 საათი, შემდეგ კი ხარშეთ 50-60 წუთი. კარგად გააციეთ.
გატარებული ნიგოზი, ნიორი, მარილი და ძმარი აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დაუმატეთ ლობიოს, ასევე დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი. ფრთხილად აურიეთ და გემრიელად მიირთვით.
ლობიოს მოყვარულებს ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ მრავალფეროვანი არჩევანი ელოდებათ. აქ წარმოდგენილია ლობიოს საუკეთესო ჯიშები: ლაპატა, მერცხალა, დედოფალა, შავფხაჭა, სარის ბათუმელა, შულავერა, მინდვრის წითელი, მინდვრის ბათუმელა და გურულა – თითოეული მათგანი გამორჩეული უნიკალური გემოთი და არომატით. სასურველი რაოდენობის პროდუქციას კი ჩვენი კურიერი, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.