ბლოგი - ჩემი მარაგი

5 ჯანსაღი საუზმე ბავშვებისთვის სკოლაში წასვლამდე

საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა – განსაკუთრებით კი ბავშვებში. საჭირო ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარი საუზმე უზრუნველყოფს ბავშვებში იმ ენერგიის, კონცენტრაციისა და განწყობის გამომუშავებას, რაც ყველა მოზარდს სჭირდება სკოლაში. ბავშვები ზოგჯერ ჯანსაღ საუზმეზე უარს ამბობენ, ამიტომ, შემოგთავაზებთ სახალისო, გემრიელ, მარტივად მოსამზადებელ და ჯანსაღი საუზმის რეცეპტებს, რომელთა დაგემოვნებაზე უარს არცერთი მოზარდი არ იტყვის.

 

შვრიის ბლინები ნიგვზითა და ბანანით

თუ თქვენი შვილები ტრადიციული საუზმის მოყვარულები არ არიან, ეს ფუმფულა ბლინები მათი ფავორიტი გახდება. ბანანისა და ჩირეულის ბუნებრივი სიტკბო ბლინებს საოცარ არომატს სძენს, ხოლო თხილი – სასიამოვნო ხრაშუნის შეგრძნებას.

რატომ არის შვრიის ეს ბლინები ჯანსაღი საუზმე ბავშვებისთვის?

შვრია: უჯრედისით მდიდარი მარცვლეული უზრუნველყოფს ხანგრძლივ ენერგიას, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისა და სკოლაში მისი კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებისთვის.

ბანანი: კალიუმის შემცველი ბუნებრივი დამატკბობელი, რომელიც შესანიშნავია გულის ჯანმრთელობისა და კუნთების ფუნქციონირებისთვის.

თხილეული: მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ცილებით და ვიტამინებით (მაგალითად, ვიტამინი E). იდეალურია ტვინის მუშაობისთვის, ეხმარება ბავშვებს ახალი უნარების დასწავლასა და ინფორმაციის დამახსოვრებაში.

ჩირეული: უზრუნველყოფს იმუნური სისტემისთვის ისეთ აუცილებელ ვიტამინებს, როგორებიცაა: ვიტამინი C და რკინა.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრია
  • 1 მწიფე ბანანი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი თხილეული (მაგ: ნუში ან ნიგოზი)
  • 1/4 ჭიქა ჩირეული (მაგ: ქიშმიში ან შტოშის ჩირი)
  • 1 კვერცხი
  • 1/2 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
  • მწიკვი დარიჩინი (სურვილისამებრ)

 

მომზადების წესი:

საკვებ პროცესორში დაფქვით შვრია. ცალკე ჯამში დასრისეთ ბანანი და შეურიეთ კვერცხი, რძე და შვრიის ფხვნილი. დაამატეთ საცხობი ფხვნილი, დარიჩინი, თხილეული და ჩირეული. მიღებულ მასას მიეცით პატარა ბლინების ფორმა და შეწვით ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, სანამ ორივე მხარე არ შეოქროსფერდება. მიირთვით თაფლთან ან ნეკერჩხლის სიროფთან ერთად.

 

შვრიისა და თხილეულის ბარები

ეს ბუნებრივად ტკბილი და მარტივად მოსამზადებელი ბარები თქვენს შვილებს დაეხმარება დღე გემრიელად და სასიამოვნოდ დაიწყონ.

რატომ არის ეს ბარები ჯანსაღი საუზმე ბავშვებისთვის?

ქეშიუ: ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც ამცირებს შიმშილის გრძნობას, რაც თქვენს შვილებს დაეხმარება თავიდან აირიდონ მუდმივი შიმშილის გრძნობა.

გარგარის ჩირი: უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი გარგრის ჩირი საუზმეს განუმეორებელ გემოსა და არომატს ანიჭებს.

თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი: ანტიოქსიდანტებით სავსე ბუნებრივი დამატკბობელი, რომელიც ზრუნავს ბავშვებში იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა შვრია
  • 1/2 ჭიქა შერეული თხილეული (მაგ: ნუში, ნიგოზი, ქეშიუ), დაჭრილი
  • 1/2 ჭიქა ჩირეული (მაგ: გარგრისა და ფინიკის ჩირი, ქიშმიში), დაჭრილი
  • 1/4 ჭიქა თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი
  • 1/4 ჭიქა არაქისის ან ნუშის კარაქი
  • 1/2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

 

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 175°C ტემპერატურაზე. დიდ ჯამში შეურიეთ შვრია, თხილეული და ჩირეული. ტაფაზე იქამდე გააცხელეთ თაფლი და არაქისის კარაქი, სანამ არ გადნება. დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი. თაფლისა და არაქისის კარაქის ნაზავი შვრიის მიქსში დაამატეთ და კარგად მოურიეთ.  მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმებში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და დაჭრით ბარებად.

 

 შვრია თხილეულითა და კენკრით

კრემისებრი ტექსტურა და თხილის, ჩირისა და ახალი კენკრის მიქსი დილისთვის იდეალურ საუზმეს ქმნის. ბავშვებისთვის გემრიელი და მშობლებისთვის მარტივად გასაკეთებელი რეცეპტი შეგიძლიათ მოამზადოთ საღამოს, შედგათ მაცივარში და დილით უბრალოდ ახალი კენკრა მოაყაროთ.

რატომ არის შვრიის ეს რეცეპტი ჯანსაღი საუზმე ბავშვებისთვის?

 შვრია: რომელსაც ღამით წყალში ან რძეში ალბობენ, კარგად რბილდება და დილით უკვე მზად არის. ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ბერძნული იოგურტი: პროტეინების მაღალი შემცველობით გამორჩეული ბერძნული იოგურტი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ეხმარება კუნთების ზრდას.

გოჯი ბერი: ეს სუპერ პროდუქტი ანტიოქსიდანტების, ვიტამინი C-სა და უჯრედისის წყაროა, რომელიც აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და ავსებს ენერგიის დონეს ბავშვებში.

ჩიას თესლი: ცილებით და ამინომჟავებით მდიდარი ჩიას თესლი უმნიშვნელოვანესია ბავშვების ზრდა-განვითარებისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა შვრია
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/4 ჭიქა ბერძნული იოგურტი
  • 1 ს/კ ჩიას თესლი (სურვილისამებრ)
  • 1/4 ჭიქა შერეული თხილეული, დაჭრილი
  • 1/4 ჭიქა ჩირეული (მაგ: გოჯი ბერი ან ქიშმიში)
  • ახალი კენკრა მოსართავად

 

მომზადების წესი:

ჯამში შეურიეთ შვრია, რძე, იოგურტი და ჩიას თესლი. დაუმატეთ დაჭრილი თხილეული და ჩირეული. დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით, სანამ მიირთმევთ, მოაყარეთ ცოცხალი კენკრა.

 

შვრიის ფაფა ვაშლითა და დარიჩინით

თბილი, გემრიელი შვრიის ფაფა აერთიანებს დარიჩინის იდეალურ არომატსა და ვაშლისა და ქიშმიშის ბუნებრივ სიტკბოს. მის მომზადებას სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება და გემრიელი საუზმეც მზად არის.

რატომ არის დარიჩინიანი შვრიის ფაფა იდეალური ბავშვებში?

ვაშლი: ვაშლი ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო ხილია მოზარდებისთვის. ის შეიცავს როგორც ხსნად, ასევე უხსნად უჯრედისს, რაც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

ნიგოზი: ანტიოქსიდანტებით, ჯანსაღი ცხიმებით, ცილებითა და უჯრედისით მდიდარი პეკანი უზრუნველყოფს ხანგრძლივ ენერგიას, რაც მოზარდისთვის სწავლის პარალელურად აუცილებელია.

დარიჩინი:  სასიამოვნო გემოსა და საუცხოო არომატთან ერთად, დარიჩინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ზოგიერთი კვლევა კი იმაზეც მიუთითებს, რომ დარიჩინი ეხმარება კოგნიტიური ფუნქციების განვითარებას.

რძე: მაღალი წყლის შემცველობა ეხმარება ორგანიზმის ჰიდრატაციის შენარჩუნებას, ხოლო მასში შემავალი ფოსფორი მნიშვნელოვანია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრია
  • 2 ჭიქა წყალი ან რძე
  • 1 ვაშლი, გათლილი და დაჭრილი
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი თხილეული (მაგ., ნიგოზი, ნუში)
  • 1/4 ჭიქა ქიშმიში
  • 1/2 ჩ/კ დარიჩინი
  • თაფლის ან ნეკერჩხლის სიროფი (სურვილისამებრ)

 

მომზადების წესი:

ტაფაზე აადუღეთ წყალი ან რძე. დაამატეთ შვრია, ვაშლი და დარიჩინი. შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, დროდადრო მოურიეთ. დაუმატეთ თხილეული და ქიშმიში. მიირთვით თაფლის ან ნეკერჩხლის სიროფთან ერთად.

 

შვრიის სმუზი თხილით

ეს სმუზი, თავისი კრემისებრი ტექსტურითა და სიტკბოთი, იმდენად ჰგავს მილქშეიქს, რომ ბავშვები დილით მას სიამოვნებით მიირთმევენ. ბანანის, თხილის და იოგურტის საოცარი ნაზავი ნებისმიერ მოზარდს მოეწონება და შეგიძლიათ სმუზი სკოლის გზაზეც გაატანოთ.

რატომ არის ეს სმუზი ჯანსაღი საუზმე ბავშვებისთვის?

ქიშმიში: ეს ძალიან სასარგებლო ჩირეული ყურძნის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. მასში გაერთიანებულია მინერალების, ვიტამინებისა და ნახშირწყლების უხვი ოდენობა.

ნუში: ეს უგემრიელესი პროდუქტი იდეალურია აქტიური ბავშვებისთვის, რადგან ხანგრძლივ ენერგიას უზრუნველყოფს, ხოლო მასში არსებული ვიტამინი E და ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესებას.

ბანანი: ეს ბუნებრივად ტკბილი ხილი შეიცავს ნივთიერება ტრიფტოფანს, რომელიც ბავშვებში აუმჯობესებს განწყობას და ძილს. ეს უკანასკნელი კი უმნიშვნელოვანესია მოზარდის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა შვრია
  • 1 ბანანი
  • 1/2 ჭიქა ბერძნული იოგურტი
  • 1/4 ჭიქა შერეული თხილეული (მაგ: ქეშიუ, ნუში)
  • 1/4 ჭიქა ჩირეული (მაგ: ფინიკის ჩირი ან ქიშმიში)
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჩ/კ თაფლი (სურვილისამებრ)

 

მომზადების წესი:

დაფქვით შვრიის ფანტელი ბლენდერში. დაამატეთ ბანანი, იოგურტი, თხილეული, ჩირი, რძე და თაფლი. დაბლენდეთ, სანამ არ გახდება გლუვი და კრემისებრი. მიირთვით დაუყოვნებლივ, ან გააცივეთ უფრო ცივი სმუზისთვის.

 

იმისთვის, რომ ბავშვებს სკოლაში წასვლამდე ეს უგემრიელესი რეცეპტები მოუმზადოთ, ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ 250-მდე დასახელების თხილეულს, ჩირეულს, მარცვლეულსა და ბურღულეულს გთავაზობთ. ბავშვებთან უფრო მეტი დროის გასატარებლად კი, „ჩემი მარაგის“ კურიერის უფასო სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომელიც სასურველ პროდუქციას საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას მოგართმევთ.