ბლოგი - ჩემი მარაგი

სასარგებლო პროდუქტები მოზარდებისთვის

ეროვნული გამოცდები დაიწყო და ნერვიულობის დონემ აიწია. ბევრი აბიტურიენტისთვის ეს პროცესი როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად საკმაოდ დამღლელი და ემოციურია. ამ დროს, სხეული და გონება ზედმეტი დატვირთვით მუშაობს – ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს, გონება კი მოკლე პერიოდში საკმაოდ ბევრი ინფორმაციით იტვირთება. ამ მნიშვნელოვან დროს, უმთავრესია, მოზარდი სწორი და ჯანსაღი საკვებით იკვებებოდეს.

არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც აუცილებელია მოზარდის ტვინის განვითარებისთვის და ეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებას.

რომელი პროდუქტები უნდა გაითვალისწინოთ მოზარდის კვებით რაციონში?

თხილი

თხილი ერთ-ერთი ის ცნობილი და მნიშვნელოვანი პროდუქტების კატეგორიაა, რომელიც მიჩნეულია, რომ აუმჯობესებს მეხსიერებას, გონების სისხარტესა და კონცენტრაციის უნარს. რადგან მოზარდის ტვინი სწრაფად ვითარდება, მას ყველა ის აუცილებელი საკვები ნივთიერება, ვიტამინი და მინერალი ესაჭიროება, რომელიც თხილეულშია გაერთიანებული. მაგალითად, თხილში შემავალი ჯანსაღი ცხიმები (ომეგა -3 და ომეგა -6) აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, მის განვითარებას და ამარტივებს ინფორმაციის დამახსოვრების პროცესს.

თხილი ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაბერებისა და დაზიანებისგან იცავს, ხოლო მინერალები (მაგნიუმი, თუთია და სელენი) ეხმარება მოზარდს ინფორმაციის სწრაფად მიღებასა და დამახსოვრებაში.

რომელი თხილეული არის საუკეთესო მოზარდის ტვინისთვის?

ნიგოზი, რომელიც ფორმითა და აგებულებით ადამიანის ტვინს წააგავს, დიდი ოდენობით შეიცავს ომეგა -3-სა და ვიტამინ E-ს, რომლებიც ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას. ნუში კი, მასში შემავალი ვიტამინი E-სა და რიბოფლავინების წყალობით, ტვინის აქტივობას აძლიერებს.

ვიტამინი B6-ის შემცველი ფსტა იდეალურია ტვინის განვითარებისთვის. მაგნიუმი კი, რომელსაც ქეშიუ  დიდი რაოდენობით შეიცავს, ამაღლებს განწყობას და აძლიერებს ტვინის მუშაობას. ბრაზილიური თხილი – იგივე კასტანია მდიდარია სელენით, რომელიც აუმჯობესებს შემეცნებით ფუნქციებს, ხოლო, ჯანსაღი ცხიმების წყარო – მაკადამია – სასარგებლოა ტვინის ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

თესლეული

კიდევ ერთი პროდუქტების ჯგუფი, კოგნიტიური ფუნქციებისა და სწავლისას კონცენტრაციის უნარების გაუმჯობესებისთვის, არის თესლეული. ის შეიცავს ყველა მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას, რომელიც ტვინის ზოგადი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, მათ შორის: ომეგა – 3 ცხიმოვან მჟავებს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და მინერალებს.

რომელი თესლეულია უფრო კარგი მოზარდის ტვინისთვის?

სელის თესლი შედგება ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებისა და ანტიოქსიდანტების ჯგუფისგან, რომლებიც იცავს ტვინის უჯრედებს დაბერებისგან. ჩიას თესლი ასევე შეიცავს ომეგა -3-ს, უჯრედისსა და ცილებს, რომლებიც, თავის მხრივ, აძლიერებს ტვინის მუშაობას. მაგნიუმითა და თუთიით მდიდარი გოგრის გული კი იდეალურია კოგნიტიური ფუნქციებისა და მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. ხოლო, მზესუმზირის გული და მასში შემავალი ვიტამინი E და ვიტამინი B ტვინის უჯრედებს დაზიანებებისგან იცავს.

პარკოსნები

მოზარდის ტვინი, რომელიც მაღალი აქტივობით გამოირჩევა, ყოველდღიურად იღებს და ამუშავებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას. ამ პროცესებში მონაწილეობს ტვინში არსებული ნეიროტრანსმიტერები. ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის წარმოსაქმნელად კი აუცილებელია ცილების დიდი ოდენობით მიღება. საკმაოდ ბევრი ცილა პარკოსნებში გვხვდება, რომლებიც ასევე უჯრედისისა და რთული ნახშირწყლების საბადოა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს გლუკოზის (ტვინის მთავარი საწვავი) ტვინისთვის სტაბილურ მიწოდებას, რაც ადამიანს ეხმარება იყოს უფრო კონცენტრირებული.

პარკოსნების დაბალი გლიკემიური ინდექსი ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს. ეს კი ხელს უშლის დაღლილობასა და კონცენტრაციის დარღვევას.

რომელი პარკოსანი მცენარეა უმჯობესი მოზარდის ტვინისთვის?

ოსპი დიდი ოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც აუმჯობესებს განწყობასა და მეხსიერებას. ის ასევე მდიდარია რკინით, რომელიც უზრუნველყოფს ტვინში ჟანგბადის მიწოდებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტვინის გამართული ფუნქციონირებისთვის.

ბარდა მდიდარია ცილებითა და უჯრედისით, რომლებიც ტვინის საწვავს წარმოადგენს, ხოლო, მასში შემავალი რკინა და მაგნიუმი ეხმარება მოზარდს ინფორმაციის სწრაფად დასწავლასა და დამახსოვრებაში.

ლობიო ასევე მაღალი ოდენობით შეიცავს ფოლიუმსა და რკინას, რომლებიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ჟანგბადის ტრანსპორტირებას.

რადგან გამოცდების პერიოდში, კარგ მახსოვრობასთან ერთად, აბიტურიენტები უნდა იყვნენ ძალიან ფოკუსირებულები და ენერგიულები, აღნიშნულ პროდუქტებთან ერთად მნიშვენლოვანია მიირთვან ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: შვრიის ფაფა, ბერძნული იოგურტი თხილეულითა და თაფლით, ავოკადოს ტოსტი, სმუზი ბანანითა და ნუშის რძით. პროტეინებით მდიდარი საკვები მოზარდებს დაეხმარება, საგამოცდო პერიოდში იყვნენ უფრო ენერგიულები და კონცენტრირებულები.

ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი არა მხოლოდ მოზარდის ტვინისთვის არის სარგებლის მომტანი, არამედ – ზრდასრული ადამიანისთვისაც. ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ მეხსიერების გასაუმჯობესელი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. სასურველ პროდუქტს კი კურიერი საქართველოს მასშტაბით უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.